ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საკითხს განიხილავენ

26 იანვარი, 2017 • 3343
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საკითხს განიხილავენ

26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში, საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის II სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვის დარეგულირების საკითხზე.

პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ჟურნალისტების კითხვაზე – უნდა შევიდეს თუ არა კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილება, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვას აკრძალავს- პასუხობს:

“ძალიან ბევრი საკითხის დარეგულირება შესაძლებელია ორგანული კანონმდებლობით. იმ კანონმდებლობით, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაში იქნება კონსტიტუციასთან, ამიტომ ყველაფრის გაწერა კონსტიტუციაში მიმაჩნია ზედმეტად. ამით ვტვირთავთ კონსტიტუციას და ვხდით გაუგებარს. შეიძლება, ეს საკითხები დარეგულირდეს, მაგრამ ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნა მიწებთან, მორატორიუმთან დაკავშირებით”, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, დამოუკიდებელი სპეციალისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მიწის განკარგვის რეგულირება არ უნდა იყოს დისკრიმინაციული: “მე, შესაძლოა, ვიზიარებდე მიწის განკარგვის რეგულირების გარკვეულ ასპექტებს, ზოგადად, თუმცა ის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. ანუ, თუ ჩვენ შემოვიტანთ რაიმე ტიპის შეზღუდვებს, მაგალითად, თუ შემოვიტანთ საძოვრების ან ტყის, ან მისი გარკვეული ნაწილის გაყიდვის აკრძალვებს, შეიძლება ამას დავეთანხმო, თუმცა ამის აკრძალვას მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებზე არ დავეთანხები”.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს, ასეა განსაზღვრული:

1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის I შეხვედრა. 21.01.2017. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის I შეხვედრა. 21.01.2017. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური


26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის II სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნული ჯგუფი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთებს განიხილავს.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა. ამ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 21 იანვარს მოეწყო. დღევანდელ, 26 იანვრის, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ. წინა სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კონსტიტუციის პირველ 19 მუხლზე, დღეს კი სწორედ ამ ნაწილიდან განაგრძობენ კონსტიტუციის განხილვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი