ახალი ამბები

ნარჩემაშვილი: საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე არ უმსჯელია

26 იანვარი, 2017 • 1919
ნარჩემაშვილი: საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე არ უმსჯელია

პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა ჯგუფის სხდომაზე მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხს, ასევე, არც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრას.

საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ, 21 იანვარს, პარლამენტისა და კომისიის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ კომისია შეთანხმდა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე. თუმცა სხვა წევრები ამ ინფორმაციას უარყოფენ. უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული.

“მსჯელობა არ ყოფილა. მე პირადად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც ადრე მქონდა, – არ ვუჭერ მხარს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას. კონსტიტუციის ფარგლებში ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა 26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას.

26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის II სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნული ჯგუფი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავსელობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ემხრობა კომისიის წევრების ნაწილის ინიციატივას კონსტიტუციით ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის განსაზღვრის თაობაზე და ამბობს:

“ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი – ეს არის პირადად ჩემი აზრი – არ უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ თავისთავად ის ღირებულებები, რაც ასახულია კონსტიტუციაში, ეს არის აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, შრომის უფლება, ეკონომიკური თავისუფლება, საქმიანობის განხორციელების უფლება. ესენი სხვა არაფერია, თუ არა ევროპული ღირებულებები. ამდენად, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს დაფიქსირდეს გარდამავალ დებულებებში, ხოლო თვითონ კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მხარს არ ვუჭერ”, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა. ამ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 21 იანვარს მოეწყო. დღევანდელ, 26 იანვრის, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი