ახალი ამბები

„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

26 იანვარი, 2017 • 3637
„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს.

მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, საგაზეთო სტელაჟებსა და ჯიხურებში.

ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ჟურნალისტური გამოძიება, ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების ანალიზი, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოზე.

ჟურნალის გამოცემის პარალელურად „ბათუმელები“ წყვეტს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემას, რომელიც 15 წელი გამოდიოდა. ამ ხნის მანძილზე გაზეთის 621 ნომერი გამოვიდა. არსებობის მანძილზე გაზეთ „ბათუმელებს“ მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გერმანული ფონდ ცაიტის და ნორვეგიულ გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია „პრესის თავისუფლების პრიზი” და პრიზი ორგანიზაციისაგან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაზეთში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების გამო.

ბოლო წლებში მედიის მიმართ იზრდება საზოგადოების მოთხოვნა, მიიღოს კიდევ უფრო მეტი, მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, იზრდება იმ მკითხველთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციის მიღებას ონლაინ მედიით ამჯობინებენ, ამიტომ აუცილებელი იყო, 2017 წელს „ბათუმელების“ რედაქციას, ერთი მხრივ, ეზრუნა ჰიპერლოკალური ვებგვერდის – batumelebi.ge-ს მუშაობის გაუმჯობესებაზე და, მეორე მხრივ, ბეჭდური მედიის ბაზარზე დარჩენილიყო, როგორც სანდო, დაბალანსებული გამოცემა.

ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა მოგვცემს საშუალებას, ბეჭდური მედიის მკითხველს მივაწოდოთ საგამოძიებო, ანალიტიკური და ექსკლუზიური მასალები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უკეთესი ხარისხით, ხოლო ვებგამოცემის მკითხველებს შევთავაზოთ შპს „ბათუმელების“ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ჰიპერლოკალური ვებგამოცემა batumelebi.ge.

უცვლელია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა –  “ბათუმელები” რჩება კრიტიკულ, მწვავე პრობლემებზე და მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული ბეჭდურ და ვებგამოცემად.

ჟურნალ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი იქნება ეთერ თურაძე, ჟურნალში სტატიების მომზადებაზე იმუშავებენ როგორც „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები, ასევე, გარე ავტორები.

ჟურნალის პირველი ნომერი 2017 წლის 1 მარტს გამოვა და მისი ფასი 5 ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი