ახალი ამბები

ვალიშვილი: სურვილი არის, მაგრამ გაზპრომთან ხელშეკრულების გასაჯაროების გარანტირება რთულია

25 იანვარი, 2017 • 3215
ვალიშვილი: სურვილი არის, მაგრამ გაზპრომთან ხელშეკრულების გასაჯაროების გარანტირება რთულია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” მიმდინარეობს ქართული მხარის მოლაპარაკებები ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროების საკითხზე და “ქართულ მხარეს დასამალი არაფერი არ აქვს”, თუმცა ზუსტად ვერ გვეუბნება, გასაჯაროვდება თუ არა კონტრაქტი.

“[გასაჯაროვება მოხდება] შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამის გარანტირება ცოტა რთულია იმიტომ, რომ ყველა კონტრაქტი [საიდუმლო] გვაქვს და ეს პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც მცდელობა იქნება ჩვენს პრაქტიკაში და არა მარტო ჩვენს პრაქტიკაში, და ამიტომ გარკვეულ სამუშაოსთანაა ეს დაკავშირებული. არ ვიცი, ამისი სურვილი არის, შესაძლებლობიდან გამომდინარე. იქნება თუ არა შესაძლებელი, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით”, – უთხრა ჟურნალისტებს 25 დეკემბერს მარიამ ვალიშვილმა სასტუმრო “რუმს ჰოტელში” გამართული შეხვედრის  (როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება) შემდეგ, რომელიც რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა მედიისათვის დახურული იყო.

ჟურნალისტების კითხვაზე – რატომ არ გასაჯაროვდა ამ დრომდე ხელშეკრულება და როდის შეიძლება ამას ველოდოთ – მარიამ ვალიშვილი პასუხობს: “თქვენ მარტივი მიგაჩნიათ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები? ეს ძალიან რთულია. ასე რომ, ვიმედოვნებ, ამის მცდელობა ჩვენი მხრიდან იქნება. ვნახოთ, შედეგი რა იქნება მომავალში… კომერციული ხასიათის დოკუმენტი, ისევე, როგორც სხვა კონტრაქტები, არის ორივე მხარის გადაწყვეტილება. შესაბამისად, თუ ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება იქნება, ბუნებრივია, თქვენ ყველანი გაიგებთ”. ვალიშვილმა დასძინა, რომ ქართული მხარის სურვილია, მთლიანი ხელშეკრულება გასაჯაროვდეს:

“ჩვენი სურვილია, რომ ყველაფერი [გასაჯაროვდეს], იმიტომ, რომ ყველაფერი არის ნათქვამი თუნდაც არაპირდაპირ დღეს. დასამალი ნამდვილად არაფერი არ არის”, – განაცხადა ვალიშვილმა.

მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 25.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 25.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა აზრი აქვს ამ ხელშეკრულების “კომერციული საიდუმლოს” საბაბით დამალვას, როდესაც, როგორც დარგის სპეციალისტები გვარწმუნებენ, კომერციულად დაინტერესებული თუ სხვა მხარეები თავიანთი შიდა წყაროებით მაინც გაიგებენ ხელშეკრულების დეტალებს, – გვპასუხობს:

“ისევე, როგორც დღეს შაჰ-დენიზის კონტრაქტებზე ინფორმაცია ძალიან ბევრმა იცის – რამდენი პროცენტი, როგორ და რანაირად… გასაგებია, მაგრამ ფორმალურად ეს კონტრაქტები არის დახურული, შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, რომლის შეცვლასაც ვცდილობთ. ბუნებრივია, ჩვენ არ ვვაჭრობთ ინფორმაციით. ჩვენი მაქსიმალური ინტერესია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ არაფერი დასამალი არა გვაქვს და ამის შესაძლებლობა თუ იქნება, ალბათ, გაკეთდება. ამაზე მსჯელობა მიდის და მოგვიანებით იქნება” (სტილი დაცულია).


“გაზპრომი” 2015 წლის ბოლოსაც ცდილობდა, რომ საქართველოსთან ხელშეკრულების პირობები შეეცვალა და მონეტიზაციაზე გადასულიყო, თუმცა ქართული მხარის წინააღმდეგობის (და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის) შემდეგ, ხელშეკრულების პირობები არ იცვლებოდა. საქართველოს  მიერ “გაზპრომთან” დადებულ წინა ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. დეკემბერში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. მესამე შეხვედრა “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან 10 იანვარს მინსკში გამართა. შეხვედრიდან საქართველოში დაბრუნებულმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

უფრო ვრცლად ამ საკითხების შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: საქართველოს საიდუმლო კონტრაქტი “გაზპრომთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი