ახალი ამბებიეკონომიკა

“საპარტნიორო ფონდი” კერძო სექტორისთვის ბიზნესპროექტების შეთავაზებას გეგმავს

25 იანვარი, 2017 • 3326
“საპარტნიორო ფონდი” კერძო სექტორისთვის ბიზნესპროექტების შეთავაზებას გეგმავს

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფონდის საქმიანობის ფორმატი ფართოვდება. კერძოდ, თუ აქამდე “საპარტნიორო ფონდს” ბიზნესსექტორი სთავაზობდა პროექტებს, 2017 წლიდან ფონდი თავადაც შექმნის პროექტებს, რომელთა განხორციელებას ბიზნესს შესთავაზებს.

“ბიზნესპროექტს  გვთავაზობდა ჩვენ კერძო სექტორი. ჩვენ ვიხილავდით, შევსულიყავით თუ არა ამ ბიზნესში. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავადაც შევქმნათ ბიზნესპროექტები. ანუ ის სფეროები, რომლებიც ქვეყნისთვის არის აუცილებელი და ის რეგიონები, სადაც სახელმწიფო ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს განვითარების ხელშეწყობა, ამ რეგიონებისთვის ჩვენ დავდებთ ყველა იმ მაჩვენებელს, რომელიც საინტერესო იქნება ბიზნესისთვის, მივაწვდით ბიზნესს და შევთავაზებთ, ამ რეგიონში შემოვიდნენ” – თქვა დავით საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები არ იცვლება და კვლავ პრიორიტეტად რჩება სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, ტურიზმი – სასტუმროების მშენებლობის კუთხით, გადამამუშავებელი მრეწველობა და ენერგეტიკა.

დავით საგანელიძემ ეს განცხადება დღეს, ბიზნესსექტორთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს “საპარტნიორო ფონდმა” საკუთარი სტრუქტურისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სს “საპარტნიორო ფონდი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის”, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა” და ნაწილობრივ, „თელასის” აქციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი