ახალი ამბები

“გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გამო “აფხაზთა კრება” კალაძის გადადგომას მოითხოვს

25 იანვარი, 2017 • 31655
“გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გამო “აფხაზთა კრება” კალაძის გადადგომას მოითხოვს

“აფხაზთა კრებამ” ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართა, სადაც საქართველოსა და “გაზპრომს” შორის 2017 წლისთვის დადებული ხელშეკრულება გააპროტესტეს და მინისტრ კახა კალაძის გადადგომა მოითხოვეს.

ენერგეტიკის სამინისტრო არის მეოთხე უწყება, სადაც “აფხაზთა კრებამ” სამინისტროს პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქცია ჩაატარა. სწორედ ამიტომ დაარქვეს 25 იანვრის აქციას “უბედურების ზომა N4”. ამ დრომდე აქციები აფხაზეთის მთავრობასთან, დევნილთა სამინისტროსთან და შერიგების სამინისტროსთან ჩატარდა.

აქციის მონაწილეებმა ენერგეტიკის სამინისტროსთან კახა კალაძის პორტრეტი გაშალეს, რომელზეც დუსტი მოაყარეს.

“ამ სამინისტროში და სხვა სამინისტროში დაბუდებული არიან კოლორადოს ხოჭოები და დუსტი არის პარაზიტების წამალი, რომ არ გამრავლდნენ,”- განუცხადა ნეტგაზეთს დუსტის დაყრის მიზეზებთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორმა, “აფხაზთა კრების” წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ.

მალხაზ პატარაია გამოდის სიტყვით აქციაზე ენერგეტიკის სამინისტროსთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 25.01.2017

მალხაზ პატარაია გამოდის სიტყვით აქციაზე ენერგეტიკის სამინისტროსთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 25.01.2017

მისი თქმით, გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს აზარალებს:

“აქციის მიზნებია, რომ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდოთ მოქმედებისაკენ იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებამ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. გაზპრომის საკითხს აქ აქვს თვალსაჩინო ადგილი, რომელიც მიმართულია, არა მარტო ეკონომიურად დააზარალოს საქართველო და ეს ძალიან მძიმე დარტყმა არის ქართული ეკონომიკისთვის, არამედ კიდევ ერთხელ დავემორჩილოთ რუსეთის დიქტატს. პირველად არ არის შემჩნეული გაზპრომის ლობირებაში მინისტრი კალაძე. დღეს მოვაკითხეთ მას,”- განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

აქცია ენერგეტიკის სამინისტროსთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 25.01.2017

აქცია ენერგეტიკის სამინისტროსთან კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 25.01.2017

ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, შოთა მალაშხიამ აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი მოღალატეობრივია:

“ზოგადი მიდგომმა ამ ხელისუფლების მიმართ, რომ ის არის უნიათო, უნდა შეიცვალოს და დაერქვას თავისი სახელი, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გაგრძელება,”- განაცხადა შოთა მალაშხიამ.

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის საფასურს ქვეყანა მიიღებს არა ნატურით, არამედ ფულადი ანაზღაურების სახით. უცნობია ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს. გაზპრომთან დადებული ახალი კონტრაქტის წინააღმდეგ პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება” 18 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი