ახალი ამბები

პრემიერი: ცერცვაძეს არ გადავცემთ ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე

25 იანვარი, 2017 • 5648
პრემიერი: ცერცვაძეს არ გადავცემთ ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე

საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინაში დაკავებულ გიორგი ცერცვაძის საკითხს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ორი დღეა საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან: “ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე.”

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებს სურვილი აქვთ, მთავრობა მუდმივად თავის მართლების რეჟმში იმყოფებოდეს.

“რა თქმა უნდა, მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, რომ მუდმივად ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას და რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო,” – ამბობს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი ენმ–ის წევრების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება საკუთარ სამხედროებს არ სცემს პატივს, ბრალდებებით პასუხობს და ამბობს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპო და ჩახოცა:

“უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც [თვითონ] 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, უფრო მეტიც – ჩახოცეს ციხეში. რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს და რომლებმაც კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და მერე კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში.”

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გია ცერცვაძის და სხვა მებრძოლების პირადი ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი