ახალი ამბები

გიორგი ფანჯავიძე: ფილტვის დაავადება დამიდგინდა და დეპრესიის გამო ვეწეოდი მარიხუანას

25 იანვარი, 2017 • 5594
გიორგი ფანჯავიძე: ფილტვის დაავადება დამიდგინდა და დეპრესიის გამო ვეწეოდი მარიხუანას

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფანჯავიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა 29 მარტს, 16:00 საათზე განახლდება. პროკურატურა მას ერთი ძირი მარიხუანის კულტივირებას ედავება. გიორგი ფანჯავიძე ამბობს, რომ მარიხუანას თერაპიისთვის მოიხმარდა.

დღეს, 25 იანვარს სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც მასალებიდან ირკვევა, პოლიციამ ბრალდებულის სახლიდან 116 გრამი ნედლი მარიხუანა ამოიღო. გიორგი ფანჯავიძე მარიხუანის დათესვის ფაქტს აღიარებს. მისი განმარტებით, 2016 წლის სექტემბერში ექიმებმა ფილტვის ფიბროზის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც ღრმა დეპრესია მოჰყვა.

სამედიცინო ენციკლოპედიების თანახმად, ფილტვის ფიბროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ფილტვის ქსოვილი ზიანდება და ნაწიბურად გარდაიქმნება. ეს შესქელებული და გამაგრებული ქსოვილი ართულებს ფილტვის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფილტვის ფიბროზის გაუარესების შედეგად პაციენტს სულ უფრო მეტად უჭირს სუნთქვა.

“ერთ წელში სიცოცხლე ფატალურად შეიძლება დავასრულო, თუ ნორმალური მკურნალობის კურსი არ გავიარე. აღარ ვიცოდი, რა მექნა, ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდი, ოჯახს ვპატრონობ,  უამრავი პრობლემები მაქვს და გადავწყვიტე, რომ პირადი მოხმარებისთვის დამეთესა და ამ დეპრესიას რაღაცნაირად მოვრეოდი. ამიტომ ვეწეოდი. არავის ვთავაზობდი მარიხუანას, არ ვავრცელებდი, ჩემთვის ჩუმად მოვიხმარდი,” – ამბობს გიორგი ფანჯავიძე.

გიორგი ფანჯავიძე ადრე ნასამართლევია, თუმცა ნასამართლობა უკვე გაუქარწყლდა. ის ამბობს, რომ 2006 წელს მოხუცმა ქალმა ციხეში ამანათი შეაგზავნინა, რადგან თვითონ პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა. სწორედ ამ ამანათში აღმოჩენილი ნარკოტიკის გამო გაასამართლეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი ფანჯავიძე ციხეში არსებულ პრაქტიკას იხსენებს და ამბობს, რომ იქ რესოციალიზაციის გავლა შეუძლებელია:

“ვფიქრობ, კარგი ადამიანი ვარ. ჩემისთანა ადამიანი ციხეში რესოციალზიაციას ვერ გაივლის. პატიმრობის შემდეგ, წლებია, რესოციალიზაციას ვცდილობ და საზოგადოების სამსახურში ჩადგომას, მაგრამ სამსახურიც კი ვერ დავიწყე ნასამართლობის გამო და დღეისათვის თვითდასაქმებული ვარ, სათბურებს ვამზადებთ მე და ჩემი პარტნიორი. ვფიქრობ, ჩემს ოჯახს, საზოგადოებას და ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოვუტან თავისუფლებაში მყოფი, ვიდრე ციხეში.”

გიორგი ფანჯავიძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაკვალიფიცირებული, შესაბამისად, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის არ იზიარებს აზრს, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინა:

“ჩემთვის ძალიან რთულია მივიღო აზრი, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩავიდინე. ყაჩაღობისთვის ხუთიდან შვიდ წლამდეა საჯელი, ჩემი მუხლი კი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს რისთვის? მცენარის დათესვისთვის.”

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის კულტივირებისთვის განსაზღვრული სასჯელის არაკონსტიტუციურობაზე სარჩელს განიხილავს. გიორგი ფანჯივიძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მარიხუანის დათესვისთვის პატიმრობა გაუქმდება:

“ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, თუ სასამართლო გააუქმებს  პატიმრობას და გონივრულ ჯარიმებს დააწესებს, ეს ძალიან კარგი იქნება.”

სწორედ სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო გელაშვილმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 29 მარტს განახლდება.

გიორგი ფანჯავიძის მხარდასაჭერად დღევანდელ სხდომას “თეთრი ხმაურის მოძრაობის” და პარტია “გირჩის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჩვენი ხედვა ასეთია – მაშინ, როდესაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს, კანონი კონსტიტუციურია თუ არა, არ შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ კანონის საფუძველზე ვინმე ციხეში გავუშვათ. ამიტომ ძალიან კარგია, რომ მარტის ბოლოსთვის დაინიშნა შემდეგი სხდომა. იმედია, მანამდე საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას,” – ამბობს დათო სუბელიანი, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, პოლიცია შერჩევითი სისტემით მოქმედებს, რადგან ჩვეულებრივ ადამიანებს მარიხუანის დათესვისთვის დევნის, ხოლო “გირჩის” წევრებს, რომლებმაც ათობით მარიხუანა დათესეს, ჯერჯერობით არ ეხებიან:

“ადამიანებს დევნიან. გიორგი ფანჯავიძემ  დათესა ერთი ძირი კანაფი საკუთარი მოხმარებისთვის და დედამიწის გულზე ზიანი  არავისთვის მიუყენებია.   ათეულობით ადამიანი ვხარჯავთ ენერგიას, დროს, სიცოცხლეს ამ სიგიჟეზე, რადგან ასეთი იდიოტური კანონი გვაქვს,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი