ახალი ამბები

საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ თბილისის მერიის ტენდერები პროკურატურამ უნდა შეისწავლოს

25 იანვარი, 2017 • 2857
საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ თბილისის მერიის ტენდერები პროკურატურამ უნდა შეისწავლოს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა შეისწავლონ, რატომ განსხვავდება მერიის ორ გამოცხადებულ ტენდერში გზის საფარის დაგების ფასი კვადრატულ მეტრზე.

საქმე შეეხება მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერს. ერთი ტენდერი მერიამ 2016 წლის 29 დეკემბერი- 2017 წლის 15 იანვრის ვადებში გამოაცხადა, რომელშიც კომპანიამ “ქროსფოინტი” გაიმარჯვა და ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩის შესაკეთებლადაა გამიზნული.

ტენდერის მიხედვით, 21789 კვადრატული მეტრის გზის საფარის ქვედა და ზედა ფენის მოსაწყობად გამოყოფილი იყო 24.95 ლარი.

საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი 6 სანტიმეტრის ასფალტბეტონის მოსაწყობად გამიზნულია 14.08 ლარი, ხოლო საფარის ზედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი 4 სანტიმეტრის ასფალტბეტონით მოსაწყობად გამოყოფილია 10.87 ლარი.

მეორე ტენდერის მიხედვით, რომელიც 2017 წლის 23 იანვარს გამოცხადდა და 8 თებერვალს დასრულდება, ქუჩის მოწყობის სამუშაოებისთვის გამოიყო 4 000 000 ლარი. ტენდერი მერიამ გამოაცხადა თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩასატარებლად.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მერიის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 38 000 კვადრატული მტრის ფართობის გზის ქვედა და ზედა საფარის მოსაწყობად ერთ კვადრატულ მეტრზე გამოყოფილი თანხა 33.00 ლარს შეადგენს.

კონკრეტულად, საფარის ქვედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი 6 სანტიმეტრის ასფალტბეტონით მოსაწყობად გამოყოფილია 18.50 ლარი, ხოლო საფარის ზედა ფენის მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი 4 სანტიმეტრის სისქის ასფალტბეტონით მოწყობისთვის გამოყოფილია 14.50 ლარი.

გრიგალაშვილი ამბობს, რომ დაუდგენელია, რატომაა ამ სატენდერო პირობის მიხედვით ფასი 8 ლარით (30%-ით) მომატებული. გრიგალაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მერია ამ ტენდერის მიხედვით 304 000 ლარით მეტს იხდის.

“არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები ტენდერებს აცხადებენ თავისი შეხედულებისამებრ”, – ამბობს გრიგალაშვილი.

გრიგალაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფრო გივი კუბლაშვილი. კუბლაშვილი ამბობს, რომ ეს ორი ტენდერი სხვადასხვაა: პირველიანაყიდი საპროექტო ტენდერია, ხოლო მეორე ტენდერი ზოგადია.

“ეს არის ორი სრულიად განსხვავებული ტენდერი. ერთი არის ნაყიდი საპროექტო ტენდერი, რომლითაც სარგებლობს და თვითონ ადგენს ფასს [კომპანია] და აქედან გამომდინარე მისი მიღებული ფასები გვაქვს ჩვენ. მეორე არის ზოგადი, ჩვენ მიერ დადგენილი ფასები. განსხვავება ისაა, რომ პროექტანტმა ზუსტად იცის, რომელ ობიექტზე არის საუბარი და რა დაუჯდება კომპანიას მისი [ასფალტის] ტრანსპორტირება, ხოლო ზოგადი ტენდერების არსი არის ის, რომ არ არის დაფიქსირებული ადგილები. თბილისში, ან წყნეთში, ან თბილისის სხვა გარეუბნებში [ასფალტის] ტრანსპორტირება განსხვავებული ფასები ჯდება და ზოგად ტენდერში რისკს იღებს თვითონ კომპანია”, – აცხადებს კუბლაშვილი.

გივი კუბლაშვილის თქმით, ასეთი ზოგადი ტიპის ტენდერები ცხადდებოდა ორი წლის განმავლობაში, ამაზე არავის პრეტენზია არ ჰქონია იმიტომ, რომ ყველა ღრმად იყო ჩახედული ამ საკითხში. კუბლაშვილი ასევე ამბობს, რომ მცდარია საუბარი იმის შესახებ, თითქოს მერიამ 300 000 ლარი დაკარგა.

“არანაირი სამასი ათასლარიანი სხვაობა არ არსებობს, ეს არის ზოგადი ტენდერი. ზოგადი ტენდერის არსი რა არის- შეიძლება დაიგოს 30 000 მეტრი და არა 38 000, ან პირიქით, შეიძლება დაიგოს 42 000 ან 50 000 კვადრატული მეტრი. შეიძლება მივცეთ ისეთი ობიექტი, სადაც მიწის სამუშაო უფრო მეტი იქნება და ნაკლები იქნება ასფალტის სამუშაოები”, – ამბობს კუბლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი