ახალი ამბები

მიტროპოლიტს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებენ

26 იანვარი, 2017 • 7846
მიტროპოლიტს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებენ

ბორჯომში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს და საპატრიარქოსგან შესაბამისი რეაგირების არქონის შემთხვევაში აქციებით იმუქრება. საპატრიარქოსგან ზომების მიღებას ელის არასრულწლოვნის ოჯახი. ოჯახის ერთ-ერთ წევრს “ნეტგაზეთი” ესაუბრა.

რა ბრალდებებს უყენებენ მიტროპოლიტ სერაფიმეს?

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმეს არასრულწლოვანთან სქესობროვი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებენ. მრევლის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც მიტროპოლიტის წინააღმდეგ არის განწყობილი, ამბობს, რომ მეუფე სერაფიმე მაშინ წავიდა ეპარქიიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი. მისივე ცნობით, ოჯახმა ინფორმაცია მიაწოდა საპატრიარქოსაც და მათთვის თავიდანვე ყველაფერი იყო ცნობილი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იმ არასრულწლოვნის ოჯახის წევრს, ვისთანაც სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ სერაფიმე ჯოჯუას. ოჯახის წევრის თქმით, ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარი არ სურთ. როგორც მან განაცხადა, ელოდებიან საპატრიარქოს მოქმედებებსა და რეაგირებას.

ბრალდებების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება ვცადეთ მიტროპოლიტ სერაფიმესთანაც, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება. არქიმანდრიტმა ფოკა მარკოზიამ განგვიცხადა, რომ მეუფე სერაფიმე აპირებს, პასუხი გასცეს ყველაფერს, თუმცა, ეს დღეს და ხვალ არ იქნება.

ნეტგაზეთი მზად არის, ამ საკითხებზე სასაუბროდ მიტროპოლიტს ტრიბუნა დაუთმოს.

რა არგუმენტები აქვთ მხარეებს?

ბორჯომში მრევლი ორად არის გაყოფილი. ნაწილს არ სჯერა მეუფე სერაფიმეს მიმართ წაყენებული ბრალდებების და აცხადებს, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს ცილი დასწამეს ბორჯომის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებმა: იერომიელმა, იოაკიმემ, არჩილმა, გერასიმემ და მონაზონმა ქეთევანმა. მათ 21 იანვარს ბორჯომის ცენტრში გამართეს აქცია და ყველა სასულიერო პირისგან, ვინც სერაფიმე ჯოჯუაზე ცუდ კონტექსტში საუბრობდა, ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

მათი განცხადებით, გაყალბებულია ის SMS, რის საფუძველზეც აჟიოტაჟი ატყდა და სერაფიმე ჯოჯუა ეპარქიიდან ისე წავიდა, რომ მრევლთან არ უსაუბრია.

21 იანვრის აქციაზე მრევლის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ შეუცდომელი არავინაა და ერთმანეთს უნდა შევუნდოთ.

“შეუცდომელი არავინ არის ამ ქვეყანაზე. იმდენი მაგათი შეცდომები ვიცი, რომ საერთოდ, შეიძლება არც იყვნენ ეკლესიაში შესაშვებები…. ჩვენი რაიონის მამაოები, რომლებიც საშინებელებს სჩადიან. მრევლს, რომლებიც მათ გვერდზე არიან, რამ დააბრმავათ, მე ასე ვიტყოდი, რამ დააყრუათ, რომ აყვნენ?”- განაცხადა მიტროპოლიტის მომხრეების აქციის მონაწილემ, რამაზ ჩიკვილაძემ 21 იანვარს.

მიტროპოლიტ სერაფმეს წინააღმდეგ განწყობილები კი ამბობენ, რომ თუკი მეუფე მართლაც არაფერ შუაშია, მაშინ რატომ არაფერს ამბობს საკუთარი თავის დასაცავად და არ ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას.

მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ განწყობილი მრევლის წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარი სახელის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ თუკი ეს სასულიერო პირები დამნაშავენი არიან იმაში, რომ ცილი დასწამეს სერაფიმე ჯოჯუას, მაშინ მათ ეს უნდა დაუმტკიცონ.

ორივე მხარე – როგორც მიტროპოლიტის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები- ბორჯომში არსებულ დაძაბულობაზე საუბრობენ.

“იმხელა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დგას ბორჯომი, რომ არაფერია გამორიცხული, ორი ადამიანი რომ შეხვდება უკვე, “ვისისტი ხარ?” და მიდის შეხლა-შემოხლა,”- განაცხდა მან ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთთან საუბრისას მეუფე სერაფიმეს მოწინააღმდეგეების მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობს მიტროპოლიტის მრევლი, ავთანდილ სტეფნაძე. მისი თქმით, მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწინააღმდეგე რამდენიმე სასულიერო პირმა იგი გამოჰკითხა, თუ რატომ მოაწერა ხელი მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდამჭერ პეტიციას, ასევე რამდენიმე საათით წაართვეს და გაჩხრიკეს მისი მობილური ტელეფონი. მან აღნიშნა, რომ ეს პირები მას დაემუქრნენ კიდეც.

რა რეაგირება ჰქონდა საპატრიარქოს?

სერაფიმე ჯოჯუა 2016 წლის აპრილიდან აღარ არის ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი. იგი 21 წლის განმავლობაში ამ ეპარქიაში მსახურობდა. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საპატრიარქო აპირებდა, მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაენიშნათ. ეს ცნობილი გახდა 2016 წლის 17 დეკემბერს გერმანიაში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ  წერილის გამოქვეყნების შემდეგ. ამ წერილით სამმა სასულიერო პირმა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად მეუფე სერაფიმეს დანიშვნა გააპროტესტა. ისინი ამბობენ, რომ მიტროპოლიტმა ბორჯომი “მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო” დატოვა და მას დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდნენ.

2017 წლის 21 იანვარს მიტროპოლიტმა სერაფმემ გაავრცელა წერილი, სადაც თავად ამბობს უარს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.

მიტროპოლიტის მოწინააღმდეგე მრევლის წარომადგენელი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქოში მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებული სკანდალის ყველა დეტალი იციან და შესაბამის დოკუმენტებსაც ფლობენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოვლს. მან განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს და მიტროპოლიტის მიერ გავრცელებულ წერილზე მიგვითითა:

“მან გაავრცელა წერილი, სადაც ის ითხოვს სიმშვიდეს და წასვლას. თქვენ, ალბათ, იცნობთ ამ წერილს. სხვა ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

რას აპირებს მხარე?

იმ შემთხვევაში, თუკი საპატრიარქო არ აღკვეთს მიტროპოლიტ სერაფიმეს მომხრეების მხრიდან ბორჯომელი სასულიერო პირების შეურაცხყოფას, მრევლის ნაწილი საპატრიარქოსთან საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა მრევლის წევრმა.

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა,  მიტროპოლიტთან დაპირისპირებული სასულიერო პირების მრევლის სახელით აკეთებს ამ განცხადებას. მან არ ისურვა, ვინაობა საჯარო გაგვეხადა.

“თუ ეს საქმე არ მოგვარდება შიდა სამზარეულოში და კიდევ იქნება ზეწოლა, ცილისწამება და ტალახი ჩვენს მამებზე, ჩვენ უკვე აღარაფერი აღარ დაგვრჩენია და მივმართავთ აქციას საპატრიარქოსთან. მოგვარდეს ისე, რომ მიეცეთ ჩვენს სასულიერიო პირებს მშვიდად ლოცვისა და შრომის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდება და ჯერჯერობით, საერთოდ, ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე მოხდება, ჩვენ მივმართავთ უკვე ამ ღონეს. ამას არ ვამბობ მარტო მე, ფეხზე დგას ამდენი სასულიერო პირის მრევლი. გავმართავთ საპროტესტო აქციებს, ეს იქნება სკანდალი. ამას ჩვენ გავაგებინებთ საელჩოებს, გავაგებინებთ ბავშვთა დაცვის ასოციაციებს. ამას ვერიდებით მაქსიმალურად, ამიტომ გააკეთონ ისე, რომ ჩვენს სასულიერო პირებს მიეცეთ მშვიდად შრომისა და ლოცვის საშუალება. ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებენ. წარმოუდგენელია, ამდენი რაღაც აიტანო თვეების განმავლობაში, მაშინ, როცა საპატრიარქომ ზუსტად იცის საქმის აბსოლუტურად ყველა დეტალი,”- განაცხადა ნეტგაზეთთან მრევლის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა ამ ეტაპზე არ ისურვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი