ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2017 დაიწყო

კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge.

განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება.

კონკურსის ჟიურის წევრებს „საბას“ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლიტერატორები  – პროფესორი ზურაბ კიკნაძე, პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. მათ მიერ შერჩეული წლევანდელი ჟიურის ვინაობა,  ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა: წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება.

2003 წლიდან 2016 წლამდე „საბამ“ გასცა 128 პრიზი 112 სხვადასხვა ავტორზე; ჯამურად გაცემულია საპრემიო თანხა  – 500 ათასი ლარი; „საბას“ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ამ ხნის მანძილზე 55-მა სხვადასხვა ლიტერატორმა იმუშავა, განიხილა 2.300-ზე მეტი  წიგნი; სამჯერ გაიზარდა საკონკურსო წიგნების რაოდენობა, გასამმაგდა ჯამური საპრემიო თანხა და კონკურსს დაემატა 3 ახალი ნომინაცია – ასეთია „საბას“ განვლილი 14 წლის შედეგების სტატისტიკა.

გასული წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს  „საბა“ წელსაც 11 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი
  11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელსაც, გასული საკონკურსო წლის მსგავსად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. კერძოდ, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“. ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება საბას პრიზითა და ფულადი პრემიით. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა 2 თვე გაგრძელდება „საბას“ ვებგვერდზე და ფბ გვერდზე.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი