ახალი ამბები

CNN: დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზე დღეს განაცხადებს

25 იანვარი, 2017 • 6375
CNN: დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზე დღეს განაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს გადამწყვეტ ზომებს მიიღებს ამერიკის და მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა CNN-ს დაუდასტურა.

კედლის მშენებლობის გარდა, დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას გაამკაცრებს, მათ შორის ლტოლვილებთან და ვიზებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, მანამდე კი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

“ხვალ დიდი დღეა დაგეგმილი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ჩვენ კედელს ავაშენებთ”.


დონალდ ტრამპი ოთხშაბათს ორი ბრძანების გამოცემას გეგმავს, მაშინ, როდესაც იგი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს ეწვევა და ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს. CNN იმ პირზე დაყრდნობით, ვისთვისაც პრეზიდენტის გეგმები ცნობილია, ამ ბრძნებების შინაარსის შესახებაც წერს:

პირველი ბრძანების მიხედვით, სააგენტოს სასაზღვრო კედლის მშენებლობა უშუალოდ დაევალება. ასევე აშშ-ის და მექსიკის საზღვარზე არსებულ ღობეს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. ბრძანება ასევე ითვალისწინებს საბაჟო და საზღვრის დაცვის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას 5 000-ით.

ბრძანების თანახმად, აშშ-ის ეროვნულმა უსაფრთხოების დეპარტამენტმა უნდა გაასაჯაროოს, ამჟამად რა ფინანსური დახმარება არსებობს მექსიკის მიმართულებით და ამ თანხის ნაწილი კედლის მშენებლობისთვის გადამისამართება იგეგმება.

მეორე ბრძანების თანახმად, აღმოიფხვრება ისეთი ქალაქების არსებობა, რომლებიც სათანადო დოკუმენტების არმქონე იმიგრანტების დაკავებაზე, საემიგრაციო კანონის დარღვევის გამო, უარს ამბობენ. ბრძანება ასევე ითვალისწინებს საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის რესურსების გასამმაგებას.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპი ხუთშაბათამდე ლტოლვილებთან და ვიზებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ბრძანება, რომელიც ტრამპის ხელმოწერისთვის უკვე მზადაა, მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს ლტოლვითა პროგრამის 4 თვით შეჩერების შესახებ. ამ დროის მანძილზე იმის იდენტიფიცირება მოხდება, რომელი ქვეყნის მიგრანტები წარმოადგენენ ყველაზე ნაკლებ საფრთხეს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. პროგრამა, რომელიც სირიელი ლტლვილებისთვის არსებობს, ვისაც სამოქალაქო ომისგან თავის დაღწევა სურს, განუსაზღვრელი ვადით დასრულდება.

დონალდ ტრამპმა მისი წინასაარჩევნო კამპანია მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკაზე ააგო. იგი ამომრჩეველს აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე “დიდი კედლის აშენებას” ჰპირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი