ახალი ამბები

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს – უზენაესი სასამართლო

24 იანვარი, 2017 • 2766
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს – უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ბრექსიტის პროცესი ოფიციალურად დაიწყოს, საჭიროა კენჭისყრა პარლამენტში.

BBC-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პრემიერი ტერეზა მეი ვეროკავშირთან ბრექსიტის თაობაზე მოლაპარაკეებს მანამდე ვერ დაიწყებს, სანამ პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტს დამატებით აღარ უნდა განეხილა, თუმცა ბრექსიტის მოწინააღმდეგეები ამას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ. 2016 წლის ნოემბერში პირველმა ინსტანციამ გადაწყვიტა, რომ ბრექსიტის დაწყებამდე საჭირო იყო საპარლამენტო კენჭისყრა, თუმცა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ასევე წააგო პროცესი.

მთავრობა  აცხადებს, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი თავად პარლამენტმა დაუჭირა და რეფერენდუმი ხალხის ნებას ასახავს, ამიტომ დამატებითი კენჭისყრა პარლამენტში საჭირო აღარ არის.

პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ 2017 წლის მარტამდე ძალაში შევიდოდა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირს ბრიტანეთი ოფიციალურად აცნობებდა კავშირის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ბრიტანეთში ივნისში მიიღეს, რეფერენდუმის მონაწილეთა 51.9%-მა მხარი დაუჭირა ბრექსიტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი