ახალი ამბები

წულუკიანი: საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები უკრაინაში ცერცვაძის ინტერესების დასაცავად

24 იანვარი, 2017 • 4870
წულუკიანი: საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები უკრაინაში ცერცვაძის ინტერესების დასაცავად

იუსტიციის მინისტრის,  თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, გია ცერცვაძის ინტერესების დასაცავად.

თეა წულუკიანმა ეს განცხადება მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ სხვათა შორის, ზოგიერთი ხმამაღლა მყვირალი ადამიანების მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იყოს უკრაინის ტერიტორიაზე დაცული,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

წულუკიანის განცხადებით, გია ცერცვაძის მონაცემები დაცულია:

“ერთადერთი, რაც შემიძლიათ გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული თქვენგანის, მათ შორის, მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. შესაბამისად, არც ერთი პირადი მონაცემი, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მასზე, მით უმეტეს, ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინიტრმა მედიას მოუწოდა, თავი შეიკავოს აჟიოტაჟისგან, რადგან ეს “არ ემსახურება ამ წუთას მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს”. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა მიმდინარებს და  “დაველოდოთ შედეგებს”.

გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი