ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვს, უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალოს

24 იანვარი, 2017 • 4773
“პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვს, უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალოს

“პატრიოტთა ალიანსი” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ინიციატივით მიმართავს, რათა სასოფლო სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალოს.

“უფლებადამცველთა გაერთიანების” მიერ მომზადებულ წინადადებას საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პარტიოტთა ალიანსი წარადგენს.  ირმა ინაშვილის განცხადებით,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სფეროში განუკითხაობაა:

“კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ დაუშვებელია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეების არმქონე პირებზე. ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ერთვის მთელი პაკეტი, რომელიც კანონებში ცვლილებების შეტანას ეხება. ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც მომზადებული გვაქვს. როცა საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფის მუშაობა დაიწყება, მე აუცილებლად წარვადგენ ამ ინიციატივას. ქართული მიწები უნდა დავიცვათ, ეს სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა, ” – აღნიშნა ინაშვილმა.

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მიწის მიყიდვა უნდა აიკრძალოს როგორც უცხოეთის მოქალაქეებზე, ასევე მათ მიერ ქვეყანაში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე:

“ჩვენი პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ მემკვიდრეობის უფლება დაცული იქნება. უცხოეთის მოქალაქე პირს, რომელიც სასოფლო მიწას ფლობს საქართველოში, შეეძლება, მემკვიდრეს ეს ქონება გადასცეს”.

მისივე თქმით, აკრძალვა სასწრაფოდ უნდა დაწესდეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როცა საქმე მნიშვნელოვან, დიდ ინვესტიციას ეხება, გარკვეული გამონაკლისის დაშვება შესაძლოა მოხდეს.

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

ამჟამად პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია ინიცირებული, რომლის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი