ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციაცია ითხოვს, კონსტიტუციის ტექსტში ტერმინი “ადვოკატი” დაფიქსირდეს

24 იანვარი, 2017 • 2308
ადვოკატთა ასოციაციაცია ითხოვს, კონსტიტუციის ტექსტში ტერმინი “ადვოკატი” დაფიქსირდეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ცვლილებების პაკეტით მიმართა, რომლის მიზანი ადვოკატის როლის კონსტიტუციურ დონეზე გაძლიერებაა.

ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია დღეს, 24 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა გამართეს. მათი თქმით,  ეს ინიციატივა ხელს ეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებასა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას.

ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაფუძნების დღიდან ბევრჯერ დადგნენ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე:

“აქტიურად განიხილებოდა  ადვოკატთა ორგანიზაციის დანაწევრების იდეა მრავალი ასოციაციის ინიციატივის განხილვის მეშვეობით; რამდენიმე იურისტმა სარჩელებითაც კი მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთიანი ასოციაციის პრინციპის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად მართებულად უარყო აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელები. იმისათვის, რომ დღის წესრიგში აღარასოდეს დადგეს ადვოკატთა გაერთიანების დამოუკიდებლობის, ერთიანობის და თვითმმართველობის სტანდარტების რაიმენაირად გადახედვის საკითხი, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, აღნიშნული პრინციპების კონსტიტუციის დონეზე უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებას და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში,” – აცხადებენ ასოციაციაში.

ამჟამად კონსტიტუციაში ტერმინი “დამცველი” წერია. ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ეს ტერმინი  “ადვოკატით” შეიცვალოს.   მათი განცხადებით, კონსტუტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

” დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი უფლებები და თავისუფლებები პირადად ან/და ადვოკატის მეშვეობით. ასევე, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.”

ამასთან, მათი ინიციატივის თანახმად,  საქართველოს კონსტიტუციის მე-5 თავს (სასამართლო ხელისუფლება) უნდა დაემატოს ახალი  მუხლი, შემდეგი რედაქციით:

” 1.სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების და სხვა არასათანადო ჩარევის გარეშე.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ, ერთიან და თვითმმართველ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიაში მიღების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრებას, თავისი წევრების პროფესიულ განვითარებას, ადვოკატის მიმართ შევიწროვებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციასა და პროფესიული ღირსების დაცვას.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით.”

ასოციაციის მდივნის, დავით ასათიანის თქმით,  შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებისა და დამატების ინიციატივა სრულად შეესაბამება ადვოკატთა როლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, რომელიც დამტკიცებულია 1990 წლის 27 აგვისტოს, კუბის დედაქალაქ ჰავანაში, გაეროს მე-8 კონგრესზე.

“ჩვენ წარვადგინეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ადვოკატის როლის კონსტიტუციურ დონეზე გაძლიერებას ეხება. ეს ცვლილება არის კრიტიკული მნიშვნელობის, რადგან ადვოაკტის როლის სათანადოდ დაფიქსირება ხელს შეუწყობს სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების გაძლიერებას ქვეყანაში,” – აღნიშნა ასათიანმა.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი