ახალი ამბები

თელასის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ

17 ოქტომბერი, 2012 • 1235
თელასის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ

“თელასიდან” დათხოვნილი თანამშრომლის ნინო ტივაძის განცხადებით, გათავისუფლებული თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით შეირჩა  კონტიგენტი იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს არ მიუღია ახსნა–განმარტება სამსახურიდან გათავისუფლბის შესახებ.  

“პოლიტიკურში ვგულისხმობ იმას, რომ უფრო მეტი სიმპათია იყო “ქართული ოცნების” მიმართ. კამერებით სავსეა ჩვენი ოფისი და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ენახათ. ეს არის მხოლოდ ვარაუდის დონეზე, იმიტომ, რომ არავისთვის კონკრეტულად არ უთქვამთ გათავისუფლების მიზეზი. წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი არ არსებობს და არ გვიცავდა. ახლა, რადგან შეიცვალა რეჟიმი, შესაბამისად, რაღაც უფლებებს დავიცავთ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” კომპანია “თელასის” ყოფილი თანამშრომელი ნინო ტივაძე.

მისივე თქმით, თანამშრომელთა გათავისუფლება მაშინვე დაიწყო, როგორც კი “თელასში”  ზურაბ არსოშვილი (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე) მივიდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, ზურაბ არსოშვილმა ენერგოგამანაწილებელი კომპანია “თელასის”  კომერციული დირექტორის თანამდებობა 2012 წლის 18 ივნისს დაიკავა.

“დღეში 20 კაცი ისე თავისუფლდებოდა, რომ უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდით. პარალელურად ახალი კადრი ჰყავდათ შერჩეული და ანაცვლებდნენ ამით”, – ამბობს ტივაძე.  

გათავისუფლებული თანამშრომლები დღეს აპირებენ “თელასის” გენერალური დირქტორის აშოტ მანუკიანის სახელზე განცხადების შეტანას.

“ჩვენ დღეს ვაპირებთ გენერალური დირქტორის აშოტ მანუკიანის სახელზე განცხადების შეტანას. ეს ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა რამდენიმე თვის უკან და მართავს ამ კომპანიას იდეაში, არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუცია. რადგან მას აქვს სტატუსი გენერალური დირექტორის, ვიცავთ სუბორდინაციას, ჯერ პირადად მივმართავთ მას, რომ განგვიმარტოს გათავისუფლების მიზეზები და გვითხრას, რა გველის პერსპექტივაში. შემდეგ უკვე სხვადასხვა ორგანიზაციებს მივმართავთ, ეს იქნება “ქართული ოცნება”, ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც ჩვენ უშუალოდ ზემდგომ ორგანოდ ითვლება, ასევე ომბუდსმენს, როცა ის დაინიშნება”, – აღნიშნავს “თელასის” ყოფილი თანამშრომელი.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა კომპანია “თელასთან” დაკავშირებას აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი