ახალი ამბები

‘იმედი’ პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა

16 ოქტომბერი, 2012 • • 2117
‘იმედი’ პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა

“იმედის” ცნობით, ტელეარხის ძველ და ახალ მფლობელებს შორის მოხდა შეთანხმება, რის საფუძველზეც ტელეკომპანია მის პირვანდელ მეპატრონეს დაუბრუნდა.

 

ტელეარხი ასევე ავრცელებს პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებას, რომელშიც წერია: “ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია “იმედის” დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. “იმედის” ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ “იმედი” იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია”.

 

 ამ საკითხთან დაკავშირებით ნანა პატარკაციშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის ერთ–ერთმა მფლბელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ “იმედში” თათბრი ჩაატარა, რის შემდეგაც ტელეარხი დატოვა. 

 

27 დეკემბრამდე შპს „ტელეიმედის“ 100%–იანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 90%–იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, ხოლო 10%–იან წილს –ჯოზეფ ქეი.

 

2011 წლის 22 ნოემბერს გიორგი არველაძე, როგორც „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, უფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას საწესდებო წილის 45%–ის ყიდვის თაობაზე საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს. გადახდილი ფასის თაობაზე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.

გიორგი არველაძე საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება ”ტელეიმედის” სხვა მეწილეებს, გიორგი კორახაშვილი მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე და კომპანია ”ალგორითმის” პრეზიდენტია, ჯოზეფ ქეი კი, ტელეკომპანიის პირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ”ტელეიმედი” სწორედ მის ხელში აღმოჩნდა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი წლების მანძილზე ცდილობდა ტელეკომპანია დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებასთან მორიგდა და პატარკაციშვილის სხვა ბიზნესების სანაცვლოდ ოჯახმა ტელეკომპანია დათმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი