ახალი ამბები

გიორგი არველაძემ ‘იმედი’ დატოვა

16 ოქტომბერი, 2012 • • 1271
გიორგი არველაძემ  ‘იმედი’ დატოვა

 

 

არველაძემ ამის შესახებ “იმედის” საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე განუცხადა.

 

ტელეკომპანია “იმედში” “ნეტგაზეთს”  განუცხადეს, რომ ამ საკითხზე “ქრონიკის” საინფორმაციო გამოშვებაში სპეციალური განცხადება გაკეთდება. 

 

გიორგი არველაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მათე კირვალიძემ კომენტარი არ გააკეთა და არველაძესთან გადაგვამისამართა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედი” პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ნანა პატარკაციშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

 

27 დეკემბრამდე შპს „ტელეიმედის“ 100%–იანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 90%–იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, ხოლო 10%–იან წილს– ჯოზეფ ქეი.

2011 წლის 22 ნოემბერს გიორგი არველაძე, როგორც „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, უფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას საწესდებო წილის 45%–ის ყიდვის თაობაზე საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს. გადახდილი ფასის თაობაზე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.

გიორგი არველაძე საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება ”ტელეიმედის” სხვა მეწილეებს, გიორგი კორახაშვილი მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე და კომპანია ”ალგორითმის” პრეზიდენტია, ჯოზეფ ქეი კი, ტელეკომპანიის პირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ”ტელეიმედი” სწორედ მის ხელში აღმოჩნდა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი წლების მანძილზე ცდილობდა ტელეკომპანია დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებასთან მორიგდა და პატარკაციშვილის სხვა ბიზნესების სანაცვლოდ ოჯახმა ტელეკომპანია დათმო.

   

მასალების გადაბეჭდვის წესი