ახალი ამბები

შსს: ინტერპოლს ცერცვაძის მოქალაქეობა და საიდენტიფიკაციო მონაცემები დავუდასტურეთ

23 იანვარი, 2017 • 3067
შსს: ინტერპოლს ცერცვაძის მოქალაქეობა და საიდენტიფიკაციო მონაცემები დავუდასტურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება, შესაბამისად, უწყებებს შორის არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებს გია ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ დააკავეს უკრაინაში. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცერცვაძეს რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა.

შსს აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას გია ცერცვაძის საქმეზე სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით არ გადმოუგზავნია:

“აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ შესაბამისი პროცედურების გავლით, 2016 წლის 23 დეკემბერს, დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 1969 წელს 2 აპრილს დაბადებული გია ცერცვაძე. აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება).

“ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე–5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას. ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მიმართა თუ არა ინტერპოლმა შსს-ს ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით და რა ინფორმაცია გადასცა მათ შსს-მ, უწყებაში პასუხობენ:

“მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა აღნიშნული პიროვნებაზე ძებნა გამოაცხადა (2016 წლის დეკემბერში), საქართველოს ინტერპოლის ბიუროს მიმართა კითხვით – იყო თუ არა გია ცერცვაძე ნამდვილად საქართველოს მოქალაქე და შეესაბამებოდა თუ არა გადმოგზავნილი მონაცემები მის პირად, საპასპორტო მონაცემებს. აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს ინტერპოლმა უპასუხა და მხოლოდ დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გია ცერცვაძე მართლაც საქართველოს მოქალაქე იყო და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო სწორი. ამის შემდეგ თბილისის ინტერპოლის ბიუროს აღნიშნულ საკითხზე ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროსთან სხვა სახის კომუნიკაცია არ ჰქონია”

“ნეტგაზეთის” კიდევ ერთ შეკითხვაზე, რატომ მისცეს საშუალება გია ცერცვაძეს, გადაეკვეთა საზღვარი მაშინ, როდესაც მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, შსს-ში პასუხობენ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავების და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემის უფლება ქვეყანას არ აქვს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის შესახებ სხვა სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაცია მთავარ პროკურატურას არ ჰქონია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გიორგი ცერცვაძე არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უწყების ცნობითვე, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი