ახალი ამბები

პროკურატურა: გია ცერცვაძის შესახებ სხვა ქვეყნის ორგანოებთან კომუნიკაცია არ გვქონია

23 იანვარი, 2017 • 2121
პროკურატურა: გია ცერცვაძის შესახებ სხვა ქვეყნის ორგანოებთან კომუნიკაცია არ გვქონია

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის შესახებ სხვა სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაცია მთავარ პროკურატურას არ ჰქონია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებს გია ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია.

“გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუმართავს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და საქართველოს პროკურატურის მხრიდანაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ განხორციელებულა რაიმე სახის კომუნიკაცია უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა არ ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას”,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაშო.

ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო” საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან გია ცერცვაძის წინააღმდეგ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.  საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ცერცვაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა საომარ მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას, რაც საქართველოს უწარმოებია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გიორგი ცერცვაძე არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. უწყების ცნობითვე, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებაში განაცხადეს, რომ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ დააკავეს უკრაინაში. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცერცვაძეს რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა. როგორც რუსთავი2 იუწყება, 23 იანვარს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამრთლოში. “კიევის სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”, – იუწყება “რუსთავი2”.

მასალების გადაბეჭდვის წესი