ახალი ამბები

თორდინავას მიერ წარდგენილი ანგარიში საბავშვო ბაღებზე თბილისის საკრებულოში

23 იანვარი, 2017 • 8604
თორდინავას მიერ წარდგენილი ანგარიში საბავშვო ბაღებზე თბილისის საკრებულოში

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, 2016 წლის თებერვლიდან ბაღებში დასაქმებულ პერსონალს ხელფასები 5-დან 20 პროცენტამდე გაეზარდათ. მისი თქმით, ყველაზე მაღალი მატება (20-პროცენტიანი) ბაღებში დასაქმებულ იმ პერსონალს შეეხო, რომელთა შრომითი ანაზღაურებაც ყველაზე მცირე იყო.

ამ საკითხზე თორდინავამ დღეს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისთვის წარდგენილ ანგარიშში ისაუბრა.  თორდინავას თქმით, მსგავსი პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება:

“ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. 2017 წელს, როდესაც შეიქმნება პროფესიული სტანდარტი აღმზრდელ – პედაგოგის, კანონი გვავალდებულებს, შემდეგ წლებში აღმზრდელ – პედაგოგის ანაზღაურება გახდეს მასწავლებლის ხელფასის შესაბამისი. გამომდინარე აქედან, მომავალ წლებში გარდაუვალია ხელფასების მატება” – თქვა თორდინავამ.

ანგარიშში, სახელფასო პოლიტიკასთან ერთად, თორდინავამ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გასული წლის გნამავლობაში თბილისში 7 ახალი ბაღი გაიხსნა, 2017 წელს კიდევ 10 ბაღის გახსნა იგეგმება. მნიშვნელოვან მიღწევებს შორის კი ონლაინ რეგისტრაციის სისტემის დანერგვა და მისი ხარვეზების გარეშე მუშაობა, პერსონალის შერჩევისას ტესტირების სისტემის დანერგვა და კვებითი მომარაგების კუთხით განხორციელებული ცვლილებები დაასახელა.

საკრებულოს განათლების კომისიამ ყურადღება სწორედ ონლაინ რეგისტრაციის სისტემაზე გაამახვილა. მათი თქმით, იმის მოლოდინი, რომ სისტემა საწყის ეტაპზევე ხარვეზების გარეშე იმუშავებდა, მოლოდინი არ ყოფილა, თუმცა ხარვეზები იყო და არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არასწორია და სააგენტოს ხელმძღვანელს ამ საკითხზე კონცენტრირებისკენ მოუწოდეს. მეორე შენიშვნა, რაც საკრებულომ ბაგა-ბაღების სააგენტოს წაუყენა, ანგარიშის წრდგენისას ფინანსური დოკუმენტაციის არდართვა იყო. კომისიის თქმით, აუცილებელია, ბაგა-ბაღების სააგენტომ საკრებულოს განხორციელებულ პროექტებზე  ჩაშლილად წარუდგინოს ხარჯთაღრიცვა. ანგარიშის პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ საკრებულოს ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

მოგვიანებით, თემურ თორდინავამ საკუთარ ხელფასზეც გააკეთა მედიასთან კომენტარი:

“არანაირად არ არის მართებული, რომ ჩემი ხელფასი შედარებულ იქნას აღმზრდელის ხელფასთან. რა თქმა უნდა, 166 ბაღის მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს და ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი და არაფერი განსხვავებული და უცხო არაა” – ამბობს თორდინავა.

ინფორმაცია ბაგა-ბაღების სააგენტოში ხელფასების ოდენობაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ 18 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, სააგენტოს თანამშრომლების ხელფასი 4-ჯერ აღემატება ბაღებში აღმზრდელთა ხელფასებს.

“ნეტგაზეთისთვის” 18 იანვარს მიცემულ ინტერვიუში თორდინავა ადასტურებს, რომ მისი ხელფასი 3125 ლარია. მისი თქმით, პრემია არასოდეს აუღია, თუმცა  თორდინავა ხელფასზე დანამატის ქონას არ უარყოფს.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანამატის სახით 2625 ლარს იღებს. გამომდინარე აქედან, თანხის ოდენობა, რაც ბაგა-ბაღბის მართვის სააგენტოს დირექტორს ერიცხება, 5750 ლარია.

უფრო ვრცლად თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორის ხელფასის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი