ახალი ამბები

ომბუდსმენი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებულთა პროგრამის მოთხოვნა დისკრიმინაციულია

23 იანვარი, 2017 • 2071
ომბუდსმენი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებულთა პროგრამის მოთხოვნა დისკრიმინაციულია

სახალხო დამცველი ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებულთა პროგრამით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც წყვილის მიერ ფულადი დახმარების მიღების წინაპირობად მეუღლე კაცის ბორჯომში რეგისტრაციას განსაზღვრავს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულად მიიჩნევს. 

მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების წახალისების მიზნით ერთჯერად დახმარებას 150 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩართვისათვის ახალდაქორწინებულ წყვილს მოეთხოვება, რომ წარადგინოს პირადობისა და ქორწინების მოწმობების ასლები და საბანკო ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მეუღლე კაცის რეგისტრაცია ბორჯომში.

“სახალხო დამცველი არ შეაფასებს თავად პროგრამის მიზანშეწონილობას და აცნობიერებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულთა ფინანსურ წახალისებას ემსახურებოდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციულია ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების მიმართ, რამდენადაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მათი რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი განაპირობებს მსგავს განსხვავებული მოპყრობას”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი მოთხოვნა ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურობას ოჯახში და კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ.  

სახალხო დამცველი იმოწმებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა “ პუნქტს, რომლის თანახმადაც, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, თავისი საქმიანობა ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამოს.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გააუქმოს N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით განსაზღვრული  დისკრიმინაციული მოთხოვნა მეუღლე მამაკაცის რეგისტრაციის ადგილის შესახებ და მომავალი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში”,- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი