ახალი ამბები

ოპოზიციის ბრალდებით, საქართველომ რუსეთს ჯარისკაც ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია

23 იანვარი, 2017 • 1798
ოპოზიციის ბრალდებით, საქართველომ რუსეთს  ჯარისკაც ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია

ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო” საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან  ჯარისკაც გია ცერცვაძის წინააღმდეგ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლა და მათ გია ცერცვაძის წინააღმდეგ მიაწოდა ინფორმაცია. ოთარ კახიძის თქმით, ცერცვაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა საომარ მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას, რაც საქართველოს უწარმოებია.

“იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას დაეცვა საკუთარი ჯარისკაცის ინტერესი, მათ მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო სამსახურებს. საზღვარზე როდესაც გადადიოდა, არ გააფრთხილეს, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მტერთან თანამშრომლობა და ღალატი. ჩვენ მოვითხოვთ პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვინ არის პასუსიხმგებელი, ვინ არის დამნაშავე, რომ ითანამშრომლა რუსეთის ფედერაციასთან და მიაწოდა ეს საბუთები. ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ რეაგირებას. ხელისუფლებამ ასეთი მავნებლური ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება და ყველა ღონე იხმაროს, რათა გიორგი ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ხელისუფლებამ უნდა მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია სასამართლოს, ინტერპოლს და დაიცვას საკუთარი ჯარისკაცი”, – განაცხადა 23 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კახიძემ.

23 იანვარს გია ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “დღეს პუტინისა და რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული შურისძიება მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ”. ხოლო უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ცერცვაძე გაფრთხილებული არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. “ეს არის მზაკვრული ხრიკი, რომელიც ხორციელდება ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ”, – ამბობს დეკანოიძე.

“ცხადია, რომ სახეზეა სახელმწიფოს ღალატის და მოქალაქეების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როცა ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება ქართველ მებრძოლებს პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა. მისი თქმით, თუკი უკრაინის სასამართლო ცერცვაძის ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, ენმ მზად არის, დაეხმაროს მას სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში.

“ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის, და ექსტრადირების შემთხვევაში სახეზეა მისი წამებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე”, – განაცხადა მინაშვილმა.

ენმ საქართველოს პროკურატურას მიმართავს, ცერცვაძის შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.

ჯერჯერობით საპასუხო ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ არ ფლობს კონკრეტული საკითის შესახებ ინფორმაციას, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველო აგვისტოს ომის მონაწილეების ინტერესებს იცავს:

“არც ოკუპანტ, არც სხვა სახელწიფოს არ შეიძლება გადასცე. კანონით როგორც არის განსაზღვრული, ისე უნდა მოვიქცეთ”.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ დააკავეს უკრაინაში. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცერცვაძეს რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა. როგორც რუსთავი2 იუწყება, 23 იანვარს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამრთლოში. “კიევის სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”, – იუწყება “რუსთავი2”.

მასალების გადაბეჭდვის წესი