ახალი ამბები

საია საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესზე საპარლამენტო კონტროლს ითხოვს

23 იანვარი, 2017 • 3713
საია საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესზე საპარლამენტო კონტროლს ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო ორგანიზაციებში რეორგანიზაციის საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ინიციატივით გამოდის.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს მიმართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, საიამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და მიმართულებების თაობაზე, ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის კოორდინაციის საკითხით შტატების შემცირების შესახებ.

საიას ცნობით, საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ ერთიანი ხედვა საბიუჯეტო ხარჯების 10%-ით შემცირების აუცილებლობის, ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და კრიტერიუმების შესახებ არ წარმოადგინა:

“გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია შტატების რეორგანიზაციისა და საჯარო სამსაახურის ბიუროსთან არსებული კოორდინაციის თაობაზე; საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში განხორციელებული ინსტიტუციური ანალიზი ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას და არ უკავშირდება  შტატების მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს. მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობასა და კონკრეტულ სამინისტორებს არ მიუმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში რეკომენდაციების მიღების მიზნით”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, არსებული მდგომარეობით, რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო შტატების შემცირება. საიასთვის, საჯარო მოხელეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საია მიიჩნევს, რომ იკვეთება რისკები, რომ მოხდეს თვითნებურად და შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე – მოხელეთა იძულება, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, პრემიერის მიერ ინიცირებულ პროცესზე დროული და ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს (იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი) და მოუწოდა, საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში მოისმინოს მინისტრების ანგარიშები საბიუჯეტო სახსრების შემცირების, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2016 წლის 9 დეკემბრს გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც, საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით, საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაცის პროცესი უნდა დაწყებულიყო, რაც ხარჯების 10%-ით შემცირებას ეხებოდა და ამ პროცესის შესაძლო შედეგი საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი