ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ლავროვისთვის დასმული შეკითხვის გამო დაითხოვეს

23 იანვარი, 2017 • 1437
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ლავროვისთვის დასმული შეკითხვის გამო დაითხოვეს

აზერბაიჯანული ტელეკომპანია  Lider TV-ის კორესპონდენტი რუსეთში, ანარ ჰასანოვი, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს 2017 წლის 17 იანვრის პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვა, სამსახურიდან დაითხოვეს.

პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა: როგორი იქნება მოსკოვის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრტერორისტული ოპერაციისა და ოკუპირებული ძალების წმენდის შემთხვევაში? დახუჭავს თვალს მოსკოვი, თუ აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩაერევა? –  რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ “ეს უკვე აღარ არის მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა საქმეების თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში”.

Minvaz.az-ის ცნობით, ჟურნალისტის დათხოვნის საკითხი აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში, ფოლად ბიულბულოღლუმ წამოწია. ელჩი   მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის “პროვოკაციულმა” კითხვამ და მასზე ლავროვის პასუხმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ზიანი მიაყენა.

გამოცემის ინფორმაციითვე, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია ანარ ჰასანოვმა მათ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი