ახალი ამბები

თბილისში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის I სხდომა მიმდინარეობს

21 იანვარი, 2017 • 2315
თბილისში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის I სხდომა მიმდინარეობს

21 იანვარს თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა 11 საათზე დაიწყო. ეს იმ სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომაა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთებს განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ. როგორც კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, ამ საკითხებს შორისაა:

1. სახალხო დამცველის არჩევის წესი, რომელიც, როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსს უნდა დაეფუძნოს;
2. სახალხო დამცველის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები;
3. ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები;
4. სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები;
5. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა უვადო და 18 წლით დანიშვნა;
6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმგვარ დაკომპლექტება, რომ პარლამენტის კვოტის შევსების წესი დაეფუძნოს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსენსუსს;
7. რეალური კონსტიტუციური კონტროლის დამკვირდება;
8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა.

როგორც სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, სხდომაზე  ძირითადად შეეხება იმ საკითხებს, რაც წინა საკონსტიტუციო კომისიაზე იყო დაყენებული. “ასეთია რამდენიმე ცვლილება, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ინიციატივა. ცალკე არის ინიციატივა, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას და რეალური საკონსტიტუციო კონტროლის გაძლიერებას. ასევე, ვისაუბრებთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივაზე და არსებული საკითხის კონსტიტუციაში განხილვის მიზანშეწონილობის საკითხს დავაყენებთ”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ნანუაშვილის თქმით, ისინი ეცდებიან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიაღწიონ კონკრეტულ შედეგს: “ინიციატივები არის რეალური, იმედი მაქვს, რომ სამუშაო პროცესი იქნება გაცილებით უფრო კომფორტული და რეალურად გადაწყვეტილების მიღებამდე მივალთ”, – თქვა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხდომას ესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია კომისიის ეფექტურობაზე საუბარი:

“ძირითადად, საკითხები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს დაფიქსირებულ პრობლემატიკას, რომელიც მან თავის გადაწყვეტილებებში ასახა და ამ პრობლემატიკის გათვალისწინებით უნდა მოხდეს [კონსტიტუციის] დახვეწა. აგრეთვე, სახელძღვანელო იქნება ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნები. ჩვენი მხრიდან, ვთვლით, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მეტი ინსტიტუციონალური გარანტიები უნდა იყოს ჩადებული. მნიშნველოვანია, შენარჩუნდეს პრეზიდენტის არჩევითობის ინსტიტუტი და ეს საკითხი არ უნდა გადაიხედოს”, – ამბობს ოთარ კახიძე.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე ამბობს, ის წინანადებები, რაც წარმოდგენილია, ძალიან ბევრია: “ძალიან ბევრმა არასამთავრობომ წარმოადგინა თავისი მიმართულებით თავისი აზრები. რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდსაც აქვს წარმოდგენილი საკითხები. მე წარმოვადგინე სხვადასხვა მიმართულებები, სადაც ვთვლი, რომ შესაძლებელია, დაიხვეწოს კონსტიტუცია. დღეს ყველაფერზე ვიმსჯელებთ. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა შედეგამდე მივალთ. უნდა გაიშალოს დისკუსია და ყველანი ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ამბობს სოფიო კილაძე.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი