ახალი ამბები

“იყიდე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი!” – ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

20 იანვარი, 2017 • 8202
“იყიდე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი!” – ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, ხოლო სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თავის გეგმებზე, თუ როგორ დაუბრუნებს ამერიკას ძველ დიდებას.

“ჩვენ დავუბრუნებთ ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და შევუქმნით სამუშაო ადგილებს. ჩვენი პოლიტიკა ორ მარტივ წესს დაეფუძნება: იყიდე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი!”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ფიცი დადო.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართვის დროს ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც მისი აზრით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს.

“დღევანდელი ცერემონია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მარტო იმიტომ, რომ ერთი ადმინისტრაცია ცვლის მეორეს, ან ერთი პარტია- მეორეს, არამედ იმიტომ, რომ ვაშინგტონის ძალაუფლება გიბრუნდებათ თქვენ, ხალხს.

დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქის მცირე ჯგუფს მიუწვდებოდა ხელი სამთავრობო კეთილდღეობაზე, მაშინ, როცა ხალხს უჭირდა. ვაშინგტონი აყვავდა, თუმცა ხალხს ეს არ შეხებია. პოლიტიკოსები კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ, ქარხნები და სამუშაო ადგილები კი გაუქმდა.

პოლიტიკოსები იცავდნენ თავიანთ თავს და არა ხალხს, ისინი იმარჯვებდნენ, მაგრამ მათი გამარჯვება თქვენი არ იყო. მაშინ, როცა ისინი ზეიმობდნენ ქვეყნის დედაქალაქში, მათი ზეიმი არ ეხებოდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს”, – განაცხადა ტრამპმა.

ამის შემდეგ ტრამპმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი გაპრეზიდენტებით შეიცვლება ეს პოლიტიკა და მთავარი ის კი არ იქნება, რომელი ხელისუფლება მართავს ქვეყანას, არამედ ის, რომ ხალხი აკონტროლებს მთავრობას. ამომრჩევლების მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ ტრამპმა თავისი სოციალური პოლიტიკის შესახებ საუბარი გააგრძელა..

“ამერიკელებს სურთ კარგი სკოლები თავიანთ შვილებისთვის, უსაფრთხო სამეზობლო ოჯახებისთვის და კარგი სამუშაო ადგილები თავიანთთვის. ამერიკელების ხოცვა უნდა დასრულდეს ახლავე. ჩვენ ერთი ერი ვართ და მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. მათი ოცნებები ჩვენი ოცნებებია და მათი წარმატება ჩვენი წარმატება იქნება. ფიცი, რომელსაც ახლა ვდებ, ყველა ამერიკელის ერთგულების ფიცია”. – თქვა ტრამპმა.

ამის შემდეგ მან საუბარი გააგრძელა იმის შესახებ, რომ ამერიკამ მთელი მსოფლიო გაამდიდრა, მაშინ, როცა თავად გაღარიბდა.

“ათწლეულების განმავლობაში ამერიკის წარმოების ხარჯზე უცხოური წარმოება გავამდიდრეთ, ვაფინანსებდით სხვა ქვეყნების არმიებს ჩვენი არმიის ხარისხის შემცირების ხარჯზე, სხვა ქვეყნების საზღვრებს ვიცავდით, ჩვენი საზღვრების დაცვა კი დაგვავიწყდა, ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ საზღვრებს მიღმა, ჩვენი ინფრასტრუქტურა კი მოშლილია, ჩვენ სხვა ქვეყნები ვამდიდრეთ, ჩვენი სიმდიდრე, ძალა და თავდაჯერება ჰორიზონტზე გაუჩინარდა.

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გამოვცეთ ახალი ბრძანებულება, რომელიც გაისმება ყველა ქალაქში, უცხოეთის ყველა დედაქალაქში და ყველგან, სადაც ძალაუფლებაა. დღეიდან ახალი ხედვა მართავს ჩვენს მიწას, დღეიდან მხოლოდ ამერიკა იქნება უპირველეს ყოვლისა, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ყველა გადაწყვეტილება ვაჭრობაზე, იმიგრაციაზე, გადასახადებზე,  საერთაშორისო ურთიერთობაზე, მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რამდენად არგებს ეს ამერიკელ მუშებსა და ამერიკელ ოჯახებს. უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები სხვა ქვეყნების შემოტევებისგან, რომლებიც იპარავენ ჩვენს კომპანიებს და ანადგურებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს”, – განაცხადა ტრამპმა.

“ჩვენ ვიფიქრებთ დიდი გეგმებზე და კიდევ უფრო დიდი ოცნებები გვექნება. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხოლოდ ილაპარაკებენ და არაფერს გააკეთებენ. ცარიელი საუბრის დრო წავიდა, ახლა მოქმედების დრო მოვიდა. არავის მისცეთ უფლება თქვას, რომ ეს ასე არ იქნება.”

“როცა გულს გაუღებ პატრიოტიზმს, ადგილი აღარ რჩება ცრურწმენისთვის.”

“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ცივილიზებული მსოფლიო რადიკალურ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლისთვის, რომელსაც ჩვენ აღვგვით პირისაგან მიწისა.”

დონალდ ტრამპი დაჰპირდა ამერიკის მოქალაქეებს, რომ არც ერთი მათგანს არ დაივიწყებს, მათი ხმები, იმედები და ოცნებები განსაზღვარვს ამერიკის მომავალს.

დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიამ 2016 წლის 20 დეკემბერს აირჩია, ხოლო არჩევნები, რომელშიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტოპნი მონაწილეობდნენ, 8 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი