ახალი ამბები

სააკაშვილმა თვითმმართველობებში დასაქმებულებს ხელფასები გაუზარდა

14 ოქტომბერი, 2012 • • 1278
სააკაშვილმა თვითმმართველობებში დასაქმებულებს ხელფასები გაუზარდა

მიხეილ სააკაშვილმა №945 ბრძანებულება 2012 წლის 12 ოქტომბერს გამოსცა, რომლითაც ცვლილება შევიდა მის მიერვე 2005 წლის

მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
მიხეილ სააკაშვილი/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

29 აგვისტოს „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ გამოცემულ №726 ბრძანებულებაში.

ახალი ბრძანებულების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები 2 480 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად მიიღებენ 2 750 ლარს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი იზრდება 650 ლარით და 1500–ის ნაცვლად იქნება 2 150 ლარი. მერის მოადგილეებს ხელფასი 800 ლარით ეზრდებათ და 1 250 ლარის ნაცვლად 2 050 ლარს მიიღებენ.

590 ლარით ეზრდებათ ხელფასები სამსახურის უფროსებსა და საკრებულოს აპარატის უფროსებს, შესაბამისად, ისინი 900 ლარის ნაცვლად 1 490 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად.

პრეზიდენტის ბრძანებულებით ასევე იხეირებენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები და 800 ლარის ნაცვლად მიიღებენ 1 250 ლარს.

თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების თანამშრომლების მსგავსად, ხელფასები ასეულობით ლარით გაეზრდებათ მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამშრომლებსაც.

მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობით გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ პარტია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, ოპოზიციაში გადადის. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი კიდევ 1 წლის მანძილზე შეინარჩუნებს თავის პოსტს.

2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად რეგიონებში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” რჩება ხელისუფლებაში. თვითმმართველობის მომდევნო არჩევნები კი 2014 წელს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი