ახალი ამბები

სააკაშვილმა

14 ოქტომბერი, 2012 • • 1044
სააკაშვილმა

თვითმმართველი ქალაქების მერებს თბილისისსა და ბათუმის გარდა, გამგებლებს, საკრებულოს თანამშრომლებს, აპარატის უფროსებსა და სხვა ჩინოვნიკებს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების მიხედვით ხელფასები ასეულობით ლარით გაეზარდათ.

 

მიხეილ სააკაშვილმა №945 ბრძანებულება 2012 წლის 12 ოქტომბერს გამოსცა, რომლითაც ცვლილება შევიდა მის მიერვე 2005 წლის 29 აგვისტოს „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ გამოცემულ №726 ბრძანბულებაში.

 

ახალი ბრძანებულების მიხედვით, თითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები 2 480 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად მიიღებენ 2 750 ლარს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი იზრდება 650 ლარით და 1500–ის ნაცვლად იქნება 2 150 ლარი. მერის მოადგილეებს ხელფასი 800 ლარით ეზრდებათ და 1 250 ლარის ნაცვლად 2 050 ლარს მიიღებენ.   

 

590 ლარით ეზრდებათ ხელფასები სამსახურის უფროსებსა და საკრებულოს აპარატის უფროსებს, შესაბამისად, ისინი 900 ლარის ნაცვლად 1 490 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად. 

 

პრეზიდენტის ბრძანებულებით ასევე იხეირებენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები და 800 ლარის ნაცვლად მიიღებენ 1 250 ლარს. 

 

თვითმართველი ქალაქების საკრებულოების თანამშრომლების მსგავსად ხელფასები ასეულობით ლარით გაეზრდებათ მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც.

 

მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობით გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ პარტია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, ოპოზიციაში გადადის. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი უახლესი 1 წლის მანძილე შეინარჩუნებს თავის პოსტს, გარდა ამისა, გუიბერნატორები კვლავ მის დაქვემდებარებაში იქნებია. 

 

ოპოზიციაში გადასვლის მიუხედავად, 2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად ხელისუფლებაში კვლავ  “ნაციონალური მოძრაობა” რჩება. მომდევნო არჩევნები კი 2014 წელს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი