ახალი ამბები

საკვები ‘ოცნებისგან’ და სადღეგრძელოები ხაშურის საარჩევნო უბანში

14 ოქტომბერი, 2012 • 1090
საკვები ‘ოცნებისგან’ და სადღეგრძელოები ხაშურის საარჩევნო უბანში

მე-10 საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი “ქართული ოცნებიდან” ამბობს, რომ “ოცნების” ოფისიდან  საკვები თავიდან 15 კაცზე მიიტანეს უბანში, შემდეგ კი, მისი თხოვნით, კიდევ დაამატეს.

 

“რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის. რაც ვთხოვეთ, იმდენი დაგვიმატეს. იმედია, ამომრჩევლის მოსყიდვაში არ ჩათვლიან.”

 

ხაშურის 46-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, მანუშა ფხაკაძის განმარტებით, საკვები მათ მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან,” ვალერი გელაშვილმა გამოუგზავნა.

 

“თავისი რესტორანი აქვს და ეტყობა, იქიდან მოატანინა.”

 

თავად ვალერი გელაშვილი უარყოფს, რომ უბნებზე საკვები მისი დავალებით მიიტანეს.

 

“ვერაფერს გეტყვით. შეიძლება ჩემი სახელით სხვამ მიიტანა.”

 

46-ე საარჩევნო უბანზე, იმავე ოთახში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, დღის 12 საათის შემდეგ სუფრა გაიშალა. სუფრაზე, სადაც ღვინოც იყო, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა სადღეგრძელოები შესვეს.

  

შეგახსენებთ, რომ ხაშურის 9 უბანში საპარლამენტო არჩევნები დღეს, 14 ოქტომბერს განმეორებით მიმდინარეობს. დარღვევების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. 

 

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლების განმარტებით, ხმის დათვლის დროს ამ უბნებზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა და შემაჯამებელი ოქმები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გადააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი