ახალი ამბები

ხაშურში, 46-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე არ გამოცხადებულა

14 ოქტომბერი, 2012 • 1207
ხაშურში, 46-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე არ გამოცხადებულა

11 საარჩევნო უბნიდან, სადაც დღეს, 14 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები განმეორებით ტარდება, ერთ-ერთი ხაშურის 46-ე საარჩევნო უბანია. 

 

46-ე უბანზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელთა განმარტებით, ხმის დათვლის პროცედურის შემდეგ უცხო ადამიანები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმი გადააკეთეს. მათივე განმარტებით, პირველადი ოქმით “ქართული ოცნება” იმარჯვებდა, უცხო პირებმა კი, როგორც ამბობენ, ოქმის შედეგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი კანდიდატის, სერგო ქიტიაშვილის სასარგებლოდ გადააკეთეს. 

 

კომისიის წევრები 1 ოქტომბერს გამართული არჩევნების დღეზე და დარღვევებზე არ საუბრობენ. 

 

“ადგილზე სპეცრაზმი ოთახში არ შემოჭრლა. გვირეკავდნენ ნაცნობები და გვეუბნებოდნენ, რომ ყველა უბანში არიან და ჩვენთანაც შემოვლენ, ტირილი დავიწყე, ვეღარ ვჩერდებოდი. არაფერი ვიცი, არც შედეგების შესახებ და არც ოქმის,”- ამბობს კომისიის თავმჯდომარე მანუშა ფხაკაძე. 

 

დარღვევების შესახებ კომისიის არც სხვა წევრი, თენგიზ ღონღაძე საუბრობს.

 

“არ ვიცი, არავინ დამინახავს უცხო,”- ამბობს ის. 

 

დეტალების გაგება მხოლოდ დამკვირვებლებისგან გახდა შესაძლებელი.

 

“დილიდანვე, ალბათ 10 საათიდანვე, გაგვაძევეს უბნიდან იმის გამო, რომ საოლქოს წევრს ველოდებოდით, რომელიც მაშინ გამოვიძახეთ, როცა ბიულეტენების რაოდენობის შესახებ გავიგეთ. 1021-ის ნაცვლად 950 ბიულეტენი მოვიდა. მერე მოგვდეს შარი, თითქოს ხელს ვუშლიდით და თითქმის ყველა დამკვირვებელი გაგვაძევეს. მაგრამ არ წავსულვართ, აქვე ვიყავით, შენობაში და ვნახეთ, ხმის დათვლის შემდეგ როგორ შევიდა 4 უცხო კაცი უბანში. გარეთ კი ყველა მხრიდან სპეცრაზმი იდგა,”- ამბობს დამკვირვებელი ორგანიზაციიდან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ალექსანდრე ლომიძე, რომელსაც, შესაბამისად, ვიდეოგადაღების საშუალება იმ დღეს არ მიეცა.

 

ამ დროისთვის (11:00), ხაშურის 46-ე უბანზე 100-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. 

 

კომისიის წევრთა განამარტებით, აქტივობა მაღალია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი