ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილი: გაზპრომის თემაზე ხელისუფლებასთან კითხვები არ გვაქვს

20 იანვარი, 2017 • 2641
თამარ ჩუგოშვილი: გაზპრომის თემაზე ხელისუფლებასთან კითხვები არ გვაქვს

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას გაზპრომის თემაზე ხელისუფლებასთან კითხვები არ აქვს.

თამარ ჩუგოშვილი გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს.

“დებატები მიუღებელი არ არის, უბრალოდ, ჩვენ [საპარლამენტო უმრავლესობას] ენერგეტიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან გვქონდა შეხვედრა და ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი. ჩვენ არანაირი ეჭვები არ გვაქვს ამ საკითხზე. ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ და ბევრ საკითხზე გვაქვს ხოლმე შეხვედრა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენ მას პარლამენტში შევხვდით,” – ამბობს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნევს პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მოწვევას:

“ჩვენ ვიცით, როგორ წარიმართა მოლაპარაკებები გაზპრომთან. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსთვის, რამდენადაც შესაძლებელია, საუკეთესო პირობები მიეღო. ამიტომ ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია კახა კალაძის მოწვევა პარლამენტში ან უმრავლესობის სხდომაზე.”

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს, 20 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე სერგო რატიანმა განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, კახა კალაძემ უარი განაცხადა პარლამენტში მოსვლაზე, რითაც კანონი დაარღვია:

“გაზპრომის საკითხი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტში გაიმართოს პოლიტიკური დებატები. რახან მინისტრი არ მოდის, უმრავლესობას მოუწევს, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ხელისუფლებამ, თუ რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რატომ მიაყენა ეკონომიკური ზიანი ქვეყანას. ”

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროთ საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში მიიწვია, თუმცა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს არ უპასუხებს. მისივე თქმით,  უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმების საკითხზე დეტალურად ისაუბროს.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი