ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია უნდა გაუმჯობესდეს

20 იანვარი, 2017 • 1509
ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია უნდა გაუმჯობესდეს

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია გულდასმით განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით:

“პარლამენტი არც ერთ ისეთ ნორმას მიიღებს, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა დეტალი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯანი ბუკიკიოს ჩვენს თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისთვის, საქართველოში ჩამოსვლისთვის და მისი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს უწევს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს თქმით, მისთვის მოსაწონია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინოს:

“მე საქართველოს მეგობარი ვარ ოც წელზე მეტია. ჩვენ ვაპირებთ ცვლილებების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში. მთლიანობაში, ეს არის კარგი ტექსტი, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ ეს არის ტექსტი, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. ბოლო გადახედვის დროს, 2010 წელს, ვენეციის კომისიამ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები ზოგიერთ საკითხზე, რომელთა სრულყოფაც უნდა მოხდეს. წინა პარლამენტის ფარგლებში იყო საკონსტიტუციო კომისია შექმნილი  და წარმატებულად იმუშავა, ასე ვთქვათ. ჩვენ თავზე არაფერს მოგახვევთ, ჩვენ გვსურს, კონსტიტუცია გაუმჯობესდეს და სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.”

ვენეციის კომისიის დელეგაცია დღეს ასევე “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას და საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი