ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

უმცირესობა გაზპომთან კონტრაქტის გამო პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს, 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სერგო რატიანმა განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, კახა კალაძემ უარი განაცხადა პარლამენტში მოსვლაზე, რითაც კანონი დაარღვია:

“გაზპრომის საკითხი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტში გაიმართოს პოლიტიკური დებატები. რახან მინისტრი არ მოდის, უმრავლესობას მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ხელისუფლებამ, თუ რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რატომ მიაყენა ეკონომიკური ზიანი ქვეყანას. ”

დეპუტატის თქმით, უმცირესობა მიაღწევს იმას, რომ საზოგადოებამ ამ შეთანხმების დეტალები გაიგოს.

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროთ საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში მიიწვია, თუმცა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს არ უპასუხებს. მისივე თქმით,  უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმების საკითხზე დეტალურად ისაუბროს.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.