ახალი ამბები

4 საკითხი, რომელზეც NGO-ებმა და იურისტებმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ისაუბრეს

20 იანვარი, 2017 • 1304
4 საკითხი, რომელზეც NGO-ებმა და იურისტებმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ისაუბრეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონლაისტები და პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას და კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს შეხვდნენ. როგორც ნეტგაზეთს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკა გიგაურმა განუცხადა, ჯანი ბუკიკიოსთან საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს:

“ვენეციის კომისიას აინტერესებს ჩვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. მას ასევე აინტერესებს მოსაზრებები იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიამ უნდა განიხილოს. ფაქტობრივად ყველა, ვინც იმ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, თანხმდებოდა იმაზე, რომ შესაძლოა ეს 4-თვიანი ვადა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდეს. [ეს დრო] ასევე არ არის საკმარისი დისკუსიისთვის, რომელიც შეიძლება შედგეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და, ცხადია, თვითონ მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობისთვისაც [არ არის საკმარისი დრო]”, – ამბობს ეკა გიგაური ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ წინასწარ ვერავინ იტყვის, მოესწრება თუ არა რეფორმა 4 თვეში, თუმცა მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ სავარაუდოდ ეს ვადა საკმარისი არ იქნება.

გიგაურის თქმით, მეორე საკითხი, რის შესახებაც ჯანი ბუკიკიოსთან  ისაუბრეს, არის ის, თუ რამდენადაა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ინკლუზიური.

“ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ [საკონსტიტუციო კომისიაში] ბევრი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია  ჩართული, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი და ამ ადამიანებს რელაურად უნდა ჰქონდეთ პროცესზე გავლენის მოხდენის საშუალება. არავის აქვს იმის განცდა, რომ ყველა საკითხზე კონსენსუსი მიღწევადია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული, ჰქონდეთ განცდა, რომ მათ მოსაზრებებს ისმენენ და ითვალისწინებენ [გადაწყვეტილების მიმღები]”, – ამბობს გიგაური.

მესამე საკითხი, რომელზეც გიგაურის თქმით, ვენეციის კომისიასთან ისაუბრეს, საკონსტიტუციო რეფორმის პრიორიტეტებს ეხება:

“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლა, პროკურატურასთან დაკავშირებული დებულებების გამართვა, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ რეფორმის ფარგლებში უფრო მეტი გარანტიები იქნას გაწერილი სასამართლო ხელისუფლებისთვის, მათ შორის ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების დანიშვნასთან და მათ ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასთან. ცხადია, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საჭირობებზე, რომელიც დაკავშირბეულია პარლამენტის, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებაზე. პარლამენტის როლი ამ კუთხით ძალიან დიდია”, – აღნიშნავს ეკა გიგაური.

მეოთხე საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, გიგაურის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულ საკონსტიტუციო ინიციატივებს ეხება:

“ასევე საუბარი იყო იმ თემებზე, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესი [შეცვლა]. მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს [ინიციატივა] ფაქტობრივად განპირობებულია პოლიტიკური მოტივაციებით იმისათვის, რომ მომავალაში მმართველი პარტია არ ჩავარდეს ისეთ არაკომფორტულ სიტუაციაში, როდესაც პრეზიდენტი  ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრიორიტეტის წამოწევის მიზეზი  იყოს სახელმწიფოებრივი საჭიროება და არა კონკრეტული პოლიტიკური მოტივი, რადგან კონსტიტუცია არ იწერება მოკლე ვადაზე და ეს უნდა იყოს ის დოკუემნტი, რომლითაც წლების განმავლობაში იხელმძღვანელებს ქვეყანა. ასევე ამის მაგალითი იყო ქორწინების განსაზღვრის საკითხიც. ეს ორი- პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების განსაზღვრება- იყო ის  მაგალითები, რომლებიც მოვიყვანეთ პოლიტიკური მოტივაციებით განპირობებული [ინიციატივების საილუსტრაციოდ]”, – ამბობს ეკა გიგაური.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, ხომ არ დააფიქსირა ჯანი ბუკიკიომ თავისი პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკაშვირებით:

“მას არ დაუფიქსირებია. ის დაგვეთანხმა იმაში, რომ პრიორიტეტები ქვეყნის საჭირობებიდან გამომდინარე უნდა იყოს განსაზღვრული. მან დადებითად შეაფასა ის, რომ მმართველი პარტია მზად არის გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები.  ისინი [ვენეციის კომისიის წარმომადგენლები] განაგრძობენ შეხვედრებს და იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხებს დააყენებენ იგივე პარლამენტთან თუ სხვა სტრუქტურებთან შეხვედრებზე”, – გვითხრა ეკა გიგაურმა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა- საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

“გვთხოვეს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენი შეფასებები გავუგზავნოთ ხოლმე ვენეციის კომისიას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი