ახალი ამბები

თბილისის მერია ელექტროავტომობილების მფლობელებს უფასო პარკირებას სთავაზობს

20 იანვარი, 2017 • 2524
თბილისის მერია ელექტროავტომობილების მფლობელებს უფასო პარკირებას სთავაზობს

დღეს, 20 იანვარს, გავრცელებული განცხადების მიხედვით, თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს.

მერიის ცნობით, ელეტროძრავიანი ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ წერილობით მიმართონ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-ტი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

ამისათვის საჭიროა მერიაში წარადგინოთ ორი დოკუმენტის ქსეროასლი:

[checklist]

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა

[/checklist]

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის  იმპორტის წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, აცხადებს მერია.

2016 წლის შემოდგომაზე თბილისის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო. ერთი სადგური ევროპის მოედანზე განთავსდა, მეორე კი კუს ტბის ასახვევთან დამონტაჟდა.

2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. როგორც მერიაში აცხადებენ, 2017 წლის ბოლომდე ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების მონტაჟი გაგრძელდება და მათი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 100-ს მიაღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი