ახალი ამბები

კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება ‘მე-9 არხის’ წარმომადგენელმა გააპროტესტა [VIDEO]

12 ოქტომბერი, 2012 • 1602
კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება ‘მე-9 არხის’ წარმომადგენელმა გააპროტესტა [VIDEO]

გადაწყვეტილება კომისიამ წევრების ხმათა უმრავლესობის საფუძველზე მიიღო. 

ლიცენზიის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მხარი დაუჭირა ირაკლი ჩიქოვანმა, სოფიო ბრიტანჩუკმა და კარლო კვიტაშვილმა, ხოლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ სხდომის ერთი წევრი, აკაკი სიხარულიძე წავიდა.

კომისიას “სამოქალაქო განათლების ფონდმა” და ტელეკომპანია “საქართველომ” ტელეკომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემის თაობაზე თანხმობის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართეს. დღევანდელ სხდომას არც ერთი მხარის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

კომისიამ დღეს წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხი განიხილა, რაც გულისხმობს, რომ კომისია ლიცენზიის მფლობელს და ლიცენზიის პოტენციურ მაძიებელს აძლევს თანხმობას, რომ განახორციელონ ლიცენზიის გადაცემა, ამის შემდეგ ეს ორი სუბიექტი თანხმდება, თუ რა სახით გადასცემს ლიცენზიას ერთი მეორეს, ეს იქნება ჩუქება, ნასყიდობა თუ სხვა სახის შეთანხმება.

როგორც სხდომის მიმდინარეობისას აღინიშნა, გადაცემის გადაწყვეტილებამდე შემოწმდა მხარეთა განზრახვის შესაბამისობა საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონთან, კერძოდ, შემოწმდა, ლიცენზიის ახალი მფლობელი ხომ არ იქნებოდა ის პირი, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მიღება.

ლიცენზიის მიღება ეკრძალება ადმინისტრაციულ ორგანოს ან ორგანოს თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიულ პირს. 

ასევე, კომისიამ შეამოწმა, ხომ არ შეიძლება, რომ ლიცენზიის მფლობელი გახდეს ის პირი, რომელიც ფლობს ერთ სამაუწყებლო ზონაში სხვა სამაუწყებლო ლიცენზიას.

კომისიაზე დადგინდა, რომ აღნიშნული დარღვევები არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, კომისიას არ გამოუვლენია დარღვევა, რაც, მათი განცხადებით, ხელს შეუშლიდა წინასწარი თანხმობის მიცემის გადაწყვეტილებას.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას ხმა მაინც არ მისცა აკაკი სიხარულიძემ. მისი განცხადებით, ტელეკომპანია “საქართველო” მაუწყებლობდა კანონდარღვევით, აკაკი სიხარულიძე თვლის, რომ ლიცენზიის გადაცემამდე ეს საკითხი უნდა განხილულიყო:

“ვინაიდან ტელეკომპანია “საქართველო” ფლობს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას, მას უნდა ჰქონოდა საინფომაციო გამოშვება და ასევე, საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ-შოუ, რასაც არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მათ 10 წლით გაუგრძელეს მაუწყებლობის უფლება, ახლა კი ამ უფლებას სხვას გადასცემს. მე არ მივეცი ლიცენზიის გადაცემას ხმას”, – განაცხადა სიხარულიძემ.

სხდომას ესწრებოდა ტელეკომპანია “მე–9 არხის” იურისტი სერგი ჯორბენაძეც. მისი განცხადებით, კომისიას გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინა:

“უსამართლობაა, როდესაც ტელეკომპანია “მე–9 არხი” უკვე საკმაოდ დიდი ხანია ითხოვს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე კონკურსის გამოცხადებას და უარს იღებს, ხოლო ტელეკომპანია “საქართველოს”, რომელიც თავის მოვალეობებს არ ასრულებდა და კანონდარღვევით მაუწყებლობდა, 10 წლით გაუგრძელეს საერთო მაუწყებლობის უფლება, ორ კვირაში კი ეს უფლება სხვას გადასცა. კანონში არ წერია, რომ გარდა იმისა, რაც სხდომაზე ჩამოთვალეს, სხვა გარემოება არ შეიძლება მივიჩნიოთ დამაბრკოლებელ გარემოებად ლიცენზიის გადაცემისას”, – განაცხადა სერგი ჯორბენაძემ.

კომისიის წარმომადგენლებმა სერგი ჯორბენაძეს განუცხადეს, რომ ლიცენზიის გაგრძელების საკითხი ლიცენზიის გადაცემასთან კავშირში არ არის, შესაბამისად, კომისიამ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა. “მეცხრე არხი” გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი