ახალი ამბები

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანთან

12 ოქტომბერი, 2012 • • 975
ინტერვიუ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანთან

კონტრტერორისტული ცენტრისა და კუდ–ის თანამშრომელი, დავით დევნოზაშვილი 2009 წელს აშანტაჟებდა

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“ბათუმელების” ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს, რის შემდეგაც ამ საქმეზე დაიწყო გამოიძება, თუმცა გამოძიებამ დღემდე ვერ მიაკვლია ამ ადამიანს. გაზეთმა ბათუმელებმა 2011 წლის ნოემბერში ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა ამ პიროვნების ვინაობა და საცხოვრებელი, რაც ასევე ეცნობა შსს–სა და პროკურატურას. მათგან ამ საქმეზე რეაგირება დღემდე არ ყოფილა. დავიდ დევნოზაშვილი, ასევე, დაასახელა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ, რომელმაც თქვა, რომ აღიარებით ჩვენებას იძულებით სწორედ დევნოზაშვილი აწერინებდა. არის თუ არა ეს მასალები საკმარისი ამ ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად და მოხდება თუ არა ამ საქმეების გამოძიება?

მე თვითონ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ვიცი ის, რასაც თქვენ ბრძანებთ და რაც ვრცელდება მედიასაშუალებებით. არა მარტო ამ საქმეზე, არამედ ზოგადად, პრინციპი უნდა იყოს ის, რაც უნდა ყოფილიყო, თუმცა, ხელისუფლება ამას არ აკეთებდა. პროკურატურა როგორც კი შეიტყობს (წყაროს არა აქვს მნიშვნელობა) პირველ რიგში, მედიასაშუალებებისგან იმ ქმედების შესახებ, რომელიც შეიძება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მას ევალება ამაზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. ამიტომ ეს კულტურა აუცილებლად დამკვიდრდება და არა მხოლოდ ამ საქმეზე.  


ანუ, შესაძლოა ველოდოთ “ბათუმელების” საქმის გამოძიების ეფექტურად გაგრძელებას?

რა თქმა უნდა, შესაძლოა. უბრალოდ, ამ ინფორმაციებს უნდა ჩაღრმავება. ერთი შეხედვით, მეჩვენება, რომ იქ არის პროკურატურისთვის გასაკეთებელი საქმე, მაგრამ ეს ამ საქმეს სცილდება. მიდგომა უნდა შეიცვალოს. ბaოლო წლებში მედიასაშუალებების მეშვეობით ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა დანაშაულებების შესახებ, მაგრამ პროკურატურა არ რეაგირებდა, რადგან იყო პოლიტიკური წნეხის ქვეშ.   

სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის (ჯაშუშობა) შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარია შეტანილი, იურისტები კი ბევრს საუბრობენ მის ბუნდოვანებაზე. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით? მოხდება თუ არა ამ მუხლის შეცვლა და იმ ათეულობით ადამიანის რეაბილიტაცია, ვინც ამ მუხლითაა გასამართლებული?

ბატონი ლაშა ტუღუშისა და სხვების მეირ სასამართლოში შეტანილი ეს საჩივარი მე არამარტო ნანახი მაქვს, არამედ ჩვენ ერთად გავდიოდით კონსულტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით და მეც მეჩვენება, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი, თუმცა, ამ მუხლის მთლიანად გაუქმება არ შეიძლება. სახელმწიფო ინტერესს სჭირდება დაცვა და ეს ინტერესი სხვადასხვა გზით, მათ შორის ამ კანონით უნდა იყოს დაცული. თვითონ ეს კანონი არ აკმაყოფილებს “ხარისხიანი კანონის” პრინციპს, რის გამოც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ევროპის სასამართლოში აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ გვქონდეს ხარისხიანი კანონი. ხარისხიანი კანონი ნიშნავს იმას, რომ მე როცა რაღაცას ვაკეთებ, უნდა განვჭვრიტო, დასჯადია თუ არა ეს ქმედება. ეს მუხლი არ იძლევა ამის საშუალებას.

აქედან გამომდინარე, კანონის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულთა საქმეების გადახედვა, ან მათი რეაბილიტაცია?

ამ კანონის შეცვლა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ მსგავსი საქმეების გადახედვა მოხდეს იმიტომ, რომ იმ საქმეებში გაცილებით დიდი პრობლემები იკვეთება, ვიდრე ეს 314–ე მუხლის ტექსტია. ჯაშუშების საქმეებში მთავარი პრობლემა ბუნდოვანი კანონი კი არ იყო, არამედ, ხშირ შემთხვევაში მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდა და რაც არსებობდა, ისიც ძალადობით იყო მოპოვებული. შესაბამისად, ეს საქმეები მთლიანადაა გადასახედი.


ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების საქმეზე როგორია თქვენი პოზიცია? ეს საქმეც გადაიხედება?


ფოტორეპორტიორების საქმეს ახლავს ძალიან ბევრი ჩრდილი და  შეკითხვა. მე პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ ღრმად ჩავიხედო ამ საქმეში, თუ რა მოხდა რეალურად. ეს საქმე გადაიხედება და თუ დადგინდა, რომ ეკუთვნით, მოხდება მათი რეაბილიტაცია.

მოხდება თუ არა ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია? მაგალითად, გადასახადის დამალვისთვის უნდა ეკისრებოდეს თუ არა პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მიესაჯოს მრავალწლიანი სასჯელი?

მე ამაზე ჩამოყალიბებული აზრი მაქვს, მაგრამ ჯერ არ შემითანხმებია ჩემს მომავალ თანამშრომლებთან, რადგან ამ საკითხის გადასაწყვეტად მათი აზრი იქნება მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, არ შეიძლება სისხლის სამართლებრივ სტრუქტურებს, მათ შორის პროკურატურას ჩამოკიდებული ჰქონდეს ისეთი დიდი ტვირთი, როგორიც არის ფინანსური დანაშაულის გამოძიება. მთავარი მიდგომა უნდა იყოს ის, რომ ფინანსურ დანაშაულზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხი უნდა იყოს ფინანსური, იქნება ეს ჯარიმა, თუ სხვა ტიპის ფინანსური სანქცია.

აპირებთ თუ არა კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით დღეს არსებული კანონმდებლობის შეცვლას?  


ამ ეტაპზე კანონიერი ქურდების ფენომენთან დაკავშირებით არსებული კანონის შეცვლა ჩვენს მიერ არ იგეგმება.


გაზეთმა “ბათუმელებმა” საჯარო რეესტრიდან 2012 წლის მარტში გამოითხოვა ინფორმაცია, რა ფასად და რა პირობებით გადასცა სახელმწიფომ (საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ლევან ვარშალომიძემ (ბრძანების საფუძველზე) ერთ დღეს, ერთ საათში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება “ტვ 25”-ის სამივე მფლობელს.

ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ ვერც კანონით დადგენილ ვადაში და ვერც ვადის გასვლის შემდეგ – რეესტრმა არ მოგვცა, გვითხრა, რომ ეს იყო პირადი ინფორმაცია, თუმცა სახელმწიფო ქონების გადაცემაზე იყო საუბარი,

უნდა იყოს თუ არა საჯარო სახელმწიფოს მიერ ქონების გაცემის პირობების შესახებ ინფორმაცია და თუ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს სახელმწიფო მოხელე, უნდა დადგეს თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი?


რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. რაც შეეხება საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას, შესაძლოა, მას კანონი აძლევდა უფლებას ეს ინფორმაცია არ გაესაჯაროვებინა. თუ ეს ასეა, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს. ალბათ, იცით, რომ რაღაც კატეგორია აქტების, რაც პირდაპირ ეხება საზოგადოების ინტერესს, არის დახურული. მაგალითად, პრეზიდენტის მიერ გამოცემული რამდენიმე აქტი, რომელსაც ვერასოდეს ვერ ვიხილავთ. მსგავსი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, მითუმეტეს, თუ ეს ეხება სახელმწიფო ქონების გასხვისებას.

გადაიხედება თუ არა მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი დოკუმენტების ტარიფები? როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?

ტარიფების გადახედვა, ალბათ, უნდა მოხდეს, მაგრამ იმისათვის, რომ გაგცეთი,  პასუხი თუ როგორ და რა პრინციპით მოხდება ეს, უფრო ღრმად უნდა ჩავიხედო ამ საკითხში. ის, რომ ეს ტარიფები შეუსაბამოა საქართველოში ადამიანთა ეკონომიურ მდგომარეობასთან, ცხადზე ცხადია.


იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს პროექტს “კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება”. გაგრძელდება თუ არა მსგავსი პროექტები იუსტიციის სამინისტროს ეგიდით და ამას უნდა აკეთებდეს თუ არა იუსტიციის სამინისტრო?

გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს და მსგავსი პროექტები, მაგალითად, ქალაქების რესტავრაცია ჩამოკიდებული იუსტიციის სამინისტროზე. ალბათ, გახსოვთ, ზურაბ ადეიშვილი იყო ბათუმის და სიღნაღის მთავარი რესტავრატორი. სხვა საქმეა, ასევე, იუსტიციის სახლების მშენებლობა და ეს პროექტები უნდა ხორციელდებოდეს იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ,  მაგრამ არ შეიძლება პროკურორი იყოს მშენებლობის ზედამხედველი, მასალების მიმწოდებელი. პროკურორი არ უნდა ამოწმებდეს იუსტიციის სახლების მშენებლობის ხარისხს და პროცესს, თუმცა, მათ ამას ავალებდნენ და მათ სხვა გზა არ ჰქონდათ.

პატიმართა წამების ვიდეოების გამავრცელებლის, ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება თუ არა? გააგრძელებთ თუ არა ამ საქმის გამოძიებას?

მე რომ გიპასუხოთ კი, ან არა, არასერიოზული იქნება იმიტომ, რომ მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ამ სისხლის სამართლის საქმეში რა მასალები დევს. სანამ არ გავეცნობი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბედუკაძისა და ციხის საქმის გამოძიება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი არამარტო ჩემთვის, არამედ შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებისთვის.

როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოსთან ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მისთვის დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით? იუსტიციის სამინისტრომ, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ იქნებით, საქართველოს პოზიცია დაიცვას. გიმსჯელიათ თუ არა ამ საკითხზე ივანიშვილთან?


ამ საკითხზე მე მასთან არ მიმსჯელია, მაგრამ ჩვენი მიდგომა ერთმანეთს დაემთხვევა აუცილებლად. მე სანამ “ქართული ოცნება” დეპუტატობის კანდიდატად დამასახელებდა, ვხელმძღვანელობდი კოალიციის იურიდიულ სამსახურს და კარგად ვიცნობ ყველა იმ სამართლებრივ დავას, რაც ეხებოდა აუდიტის სამსახურის მიერ ივანიშვილისთვის ჯარიმების დაკისრებას. ბიძინა ივანიშვილი იქნება მხარე, თუ საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქე, იმ საქმეებში, სადაც საქართველოს სახელმწიფო იქნება ცალსახად დამნაშავე, უნდა მორიგდეს შიგნით ისე, რომ საზღვარგარეთ დავა, თუნდაც საარბიტრაჟო სასამართლოში არ გახდეს საჭირო.


როგორ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობა?


სამინისტროს სტრუქტურის დოკუმენტი რომ მომცეს, იქ საერთოდ არ არის ცალკე გამოყოფილი არც პრესსამსახური და არაფერი. ეს იქნება ცალკე განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გამჭვირვალობაზე.


სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანების ოჯახის ინტერესების დამცველი იურისტი დავით ჯანდიერი იქნება თუ არა თქვენი მოადგილე?


დავით ჯანდიერი აუცილებლად იქნება ჩემი ერთ–ერთი ყველაზე მთავარი საყრდენი, თუმცა, პირველი, მეორე თუ მესამე მოადგილე იქნება, ჯერ ზუსტად არაა გადაწყვეტილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი