ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

19 იანვარი, 2017 • 3658
გიორგი კვირიკაშვილი დავოსში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას განიხილავს, როგორც რეგიონალურ პარტნიორს და მიისწრაფის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ პოლიტიკის,  ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობითვე, კვირიკაშვილმა და პოროშენკომ ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიეცემათ ევროკავშირში მოკლევადიანი, უვიზო მიმოსვლის საშუალება. 

2017 წელს უკრაინასა და საქართელოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება. ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ამ ფორმატში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გეგმა განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩთან,  “ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორ რობერტ დადლისთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი