ახალი ამბები

გირჩი: მნიშვნელობა არ აქვს, გიორგი ჯახუა დიაკვანია თუ არა

19 იანვარი, 2017 • 4127
გირჩი: მნიშვნელობა არ აქვს, გიორგი ჯახუა დიაკვანია თუ არა

პარტია „გირჩის“ განცხადებით, მნიშვნელოვა არ აქვს, დიაკვანია თუ არა გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან შს სამინისტრომ ორი ძირი მარიხუანა ამოიღო.

“რამდენიმე საათის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, თითქოს გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის. „გირჩი“ განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს შსს-ს განცხადების ამ პასაჟს, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ გიორგი ჯახუას ნებისმიერ სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას.

მათი ეს ნაბიჯი ასევე დასტურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასაშვებია, მოქალაქეთა ნაწილი – პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები და სასულიერო პირები- „პრივილეგირებულ“, ხოლო რიგითი მოქალაქეები „არაპრივილეგირებულ“ ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა,” – აღნიშნულია გირჩის განცხადებაში.

“გირჩის” განცხადებას მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უწყებას ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ წუთამდე ზემოთ მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მივმართავთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შსს მოქმედებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გიორგი ჯახუამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მის დიაკვნობას ჭყონდიდელი მეუფე პეტრე დაადასტურებდა. თუმცა პეტრეს ტელეფონზე მონაზონმა ქეთევანმა გვიპასუხა. მონაზონი ქეთევანი, რომელიც სალხინოს ეპარქიაში მსახურობს, ამბობს, რომ გიორგი ჯახუას დიაკვნის სტატუსი შეჩერებული აქვს:

“ერთი წელი მსახურობდა სალხინოში, მამათა მონასტერში იყო დიაკვანი. ამის შემდეგ, 2010 წლიდან შეჩერებული აქვს მსახურების უფლება გარკვეული მიზეზების გამო. შემდეგ ქუთაისში წავიდა. დანარჩენ საკითხებზე საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ უნდა გაგცეთ პასუხი. ”

გიორგი ჯახუას თქმით, ის დიაკვნად 2010 წელს აკურთხეს და სამი წელი მსახურობდა სალხინოს გიმნაზიაში:

“2010 წელს მაკურთხეს დიაკვნად. ამის შემდეგ 3 წელი სალხინოს გიმნაზიაში ვასწავლიდი ინფორმატიკას, დიაკვნის ხარისხში ვიყავი და ხელფასს ვღებულობდი ბანკში. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დიაკვნობა შეჩერებული მქონდა. ამის შემდეგ ბალდის მონასტერში ვიყავი ერთ წელზე მეტი, შემდეგ, ისევ სალხინოს მონასტერში,” – აღნიშნავს გიორგი ჯახუა.

ქუთაისში, გიორგი ჯახუას სახლიდან პოლიციამ ორი ძირი მარიხუანა ამოიღო. გიორგი ჯახუა ორი წელია მძიმედ არის ავად და, როგორც თვითონ ამბობს, მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა. ამის შესახებ მან დღეს, 19 იანვარს პარტია “გირჩის” ოფისში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი