ახალი ამბები

ზღულაძე: ახალი მინისტრის წარმატება იქნება ჩემი წარმატება

12 ოქტომბერი, 2012 • • 1099
ზღულაძე: ახალი მინისტრის წარმატება იქნება ჩემი წარმატება

“ეს გადაბარების პროცესი რამდენადაც შრომატევადი და მტკივნეულია ამ მთავრობისთვის და იმ მთავრობისთვის, რომელიც უნდა მოვიდეს, ასევე ეიფორიულია მთლიანად საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ გადაბარების პროცესი გმოიყენონ და გამოცდები ჩაუტარონ სახელმწიფოს, მათ შორის სამართალდამცავებს. ჩემი პოზიცია და ახალი მინისტრის პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პოლიციამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ყველა ამ გამოწვევას გასცეს პასუხი”. 

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამინისტროს გარკვეული შედეგები აქვს ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტების გახსნასთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, ზღულაძემ სამეგრელოს და თბილისის მაგალითები მოიყვანა, სადაც გუშინ ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტები გაიხსნა. 

 

“გამოწვევები არსებობს, მაგრამ პოლიცია თავის სიმაღლეზეა. არ დავუშვებთ ქვეყანაში სიტუაციის არევას. ახალი მინისტრის წარმატება იქნება ჩემი წარმატება. ის თუ შეძლებს უფრო ქმედითი გახადოს სამინისტრო, ეს არის ის, რაც ქვეყანას უნდა და ამას აცნობიერებს ყველა პოლიციელი,”- განაცხადა ზღულაძემ.

 

ზღულაძემ 30 სექტემბერს გურჯაანში 10 თვის დაღუპული ბავშვის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და წინასწარ ინფორმაციის გავრცელება არ შეუძლია.

 

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ – ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა ინფორმაცია აქვს მას წინა მინისტრის – ბაჩო ახალაიას ადგილსამყოფელის შესახებ, უპასუხა, რომ მისთვის ეს საკითხი უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი