ახალი ამბები

კალაძე “გაზპრომზე” ენმ-ის კითხვებს არ უპასუხებს, თუმცა მზადაა, პარლამენტში მივიდეს

18 იანვარი, 2017 • 3767
კალაძე “გაზპრომზე” ენმ-ის კითხვებს არ უპასუხებს, თუმცა მზადაა, პარლამენტში მივიდეს

საქართველოს ვიცეპრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს არ უპასუხებს, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმების საკითხზე დეტალურად ისაუბროს.

პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლას და მათ კითხვებზე პასუხების მოსმენას ოპოზიცია ითხოვს. უცნობია, დაიბარებს თუ არა უმრავლესობა კალაძეს პარლამენტში, თუმცა ცნობილია მათი პოზიცია – მმართველი გუნდის დეპუტატები რუსულ კომპანიასთან გაფორმებულ შეთანხმებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

“გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით. ასევე, შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკე გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისაგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. სამწუხაროა და ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიკის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს – მიიქციონ ყურადღება და დაიწერონ პოლიტიკური ქულები ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით,” – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, პრეზიდენტს შეუძლია გამოითხოვოს ენერგეტიკის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია, თუ დეტალურად აინტერესებს ინფორმაცია. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

“რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, დავიწყოთ იქიდან, თუ ვინ არიან ეს ადამიანები: ისინი არიან ენმ-ის წევრები; ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს (აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში) ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარეს რუსეთს თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით. დღეს გამოდიან ისინი და ჩვენს ხელისუფლებაზე ამბობენ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება არის ღალატის ტოლფასი. აბსოლუტურად მიუღებელია ამ ადამიანების მხრიდან ეს განცხადებები. თუ უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ სურვილი იმისა, რომ უფრო დეტალებში მიიღონ ინფორმაცია ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე და მთლიანად ჩემი გუნდი (სამინისტროს თანამშრომლები, მოადგილეები…) მზად ვართ, მივიდეთ და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია.”

18 იანვარს თბილისში პლატფორმა “დაიცავი თავისუფლების” საპროტესტო აქცია–პერფომანსი გაიმართა საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის გაფორმებული შეთანხმების წინააღმდეგ. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ეს მოლაპარაკებები წარიმართოს გამჭვირვალედ. კახა კალაძემ ბრიფინგი სწორედ ამ აქციის პარალელურად გამართა და რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებს “გამარგინალებული, მოსახლეობაში არაპოპულარული პირები/ჯგუფები” უწოდა, რომლებიც “დეზინფორმაციულ ისტერიას” აწყობენ.

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. საზოგადოების ყურადღება მხოლოდ “გაზპრომთან” ხელშეკრულების პირობების შეცვლაზეა კონცენტრირებული, თუმცა სპეციალისტებისთვის უფრო მწვავე პრობლემა გაზის სფეროში დადებული კონტრაქტების გაუმჭვირვალობაა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოსთვის გადასახდელი ტრანზიტის საფასური ევროპის ქვეყნებს შორის “ერთ-ერთი ყველაზე მაღალი” იქნება, თუმცა არ ასახელებს საფასურის ოდენობას. კალაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ საქართველოს შეეძლება, სურვილის შემთხვევაში, 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარი გადაიხადოს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობაში სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ამ ინფორმაციას ავრცელებს “გაზპრომიც”.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი