ახალი ამბები

‘თბილისის საკრებულოში დაწყებულია ‘ნაცმოძრაობის’ შეუქცევადი რღვევა’

12 ოქტომბერი, 2012 • 1345
‘თბილისის საკრებულოში დაწყებულია ‘ნაცმოძრაობის’ შეუქცევადი რღვევა’

“ჩვენ ვემიჯნებით “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც მისმა მმართველმა გუნდმა დისკრედიტებულ პარტიად აქცია. თბილისის მერი გიგი უგუგლავა თვლის, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, მაგრამ როდესაც მმართველი გუნდი უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას სისასტიკით და როცა არჩევანს აკეთებს პარტიასა და ერს შორის, ჩვენ ყოველთვის ქართველ ერთან ვიქნებით”, – აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

 

ირაკლი შიხიაშვილმა და მიხეილ ქავთარაძემ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე დატოვეს და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ამით დაგმეს ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” ბევრი ღირსეული ადამიანია და საკრებულოში დაწყებულია “ნაცმოძრაობის” შეუქცევადი რღვევა. ამ ადამიანებისთვის ჩვენი ფრაქციის კარი ყოველთვის ღიაა”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

გიორგი ნემსაძემ, მერაბ რაფავამ და ზაურ დოლიძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დღეს, 12 ოქტომბერს დატოვეს.

 

“ჩვენ არჩევნებამდეც ბევრ საკითხში მათ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ვრჩებოდით “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში, ვინაიდან ვთვლიდით, რომ ჩვენს სახელმწიფოს ემუქრებოდა კანონიერი ქურდებისა და დამნაშავე სამყაროს მიერ წალეკვა, ასევე მოხდებოდა მტერზე ჩვენი სახელმწიფოს ჩაბარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიგვაჩნდა, რომ საქართველოს დაეკეტებოდა ევროატლანტიკური გზა. დავრწმუნდი რა, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე, გადავწყვიტე, დავმდგარიყავი იმ თანამოაზრეებთან, რომლებიც გააგრძელებენ საქართველოს წინსვლას”, – აცხადებს მერაბ რაფავა.

 

შიხიაშვილი თბილისის საკრებულოში არჩეული იქნა როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი სამგორის ოლქიდან, ნემსაძე – ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან, რაფავა – კრწანისის საარჩევნო ოლქიდან, დოლიძე – ვაკის საარჩევნო ოლქიდან. ხოლო მიხეილ ქავთარაძე თბილისის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი