ახალი ამბებიეკონომიკა

იმპორტირებულის გარდა, ადგილობრივი საკვები პროდუქტებიც გაძვირდა

18 იანვარი, 2017 • 3283
იმპორტირებულის გარდა, ადგილობრივი საკვები პროდუქტებიც გაძვირდა

რძის და ხორცპროდუქტები, ტკბილეული, კვერცხი, სასმელები და სხვა სახის პროდუქტი მაღაზიებში გაძვირდა. ფასები ჯერ არ გაზრდილა პურზე, მაკარონზე, წიწიბურაზე, შაქარზე და სხვა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზე.

მადონა სამხარაძე თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ სურსათის მაღაზიაში მუშაობს. როგორც ამბობს, თუ აქამდე პროდუქციაზე სადისტრიბუციო ფასს დაახლოებით 20 პროცენტს უმატებდნენ, ახლა საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო ფასიც თითქმის ამ თანხას გაუტოლდა. მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ “სანტეს” რძის ნაწარმში 10-20 თეთრით მეტის გადახდა უწევთ. 10-20 თეთრით მოიმატა “ბარამბოსა” და “ტკბილი ქვეყნის” ზოგიერთი პროდუქციის ფასმაც.  მადონას თქმით, “შირნჰოფერის” ფირმის ძეხვში, რომელიც 9,10 ლარი ღირდა, ახლა მომხმარებლებს 11,5 ლარის გადახდა უწევთ. 2 თეთრით გაიზარდა “პატარძეულის” კვერცხის ფასიც, რომელიც ახლა 32 თეთრი ღირს. 20-20 თეთრით მოიმატა ყავა “ჩერის” სხვადასხვა სახეობამ. მაიონეზი სლობოდა კი, რომელიც 1,60 ლარი ღირდა, მის მაღაზიაში ახლა 1,90 ლარად იყიდება.

“ნეტგაზეთმა” ამ კომპანიებთან დაკავშირება სცადა. “ბარამბოსა” და “მითანაში” ფასების ზრდას ადასტურებენ და მიზეზად ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებას ასახელებენ. ორივე კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული უცხოეთიდან შემოაქვთ, ანგარიშსწორება კი დოლარში ხდება.

“ბარამბოში” ამბობენ, რომ ნედლეულის არსებული მარაგების ხარჯზე ძველი ფასების შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა ტკბილეულის რიგ სახეობაზე ფასის მომატება მაინც მოუწიათ. “მითანაში” კი “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ კურსის ცვალებადობის გამო, მათი პროდუქციის ფასმა დაახლოებით 6%-ით იმატა ყველა სახეობაზე.

რამდენიმე დღის წინ, ბოლო პერიოდში მეორედ მოიმატა თამბაქოს ნაწარმის ფასმაც. როგორც მაღაზიებში ამბობენ, ფასების მატება ყველა ბრენდის თამბაქოს შეეხო, თუმცა მატება განსხვავებულია. თავდაპირველად სიგარეტის ფასი 30 თეთრით გაიზარდა, ახალი წლის შემდეგ კი ფასმა კიდევ 30-50 თეთრით იმატა სხვადასხვა ბრენდის თამბაქოს პროდუქტებზე. “ნეტგაზეთი” თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ფასებზე საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ ფასწარმოება მათი კომერციული საიდუმლოა.

აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე პირველი იანვრიდან გაიზარდა. თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდა მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს შორის ერთ-ერთია.

ფასმა მოიმატა ტაქსების მომხმარებლებისთვისაც. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა განუცხადეს, მომსახურება 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა, რაც საწვავის ფასის მატებამ გამოიწვია. უფრო ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი