ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ზრუნავს სახელმწიფო ბავშვებზე – ფორუმი პრეზიდენტის სასახლეში

18 იანვარი, 2017 • 23916
როგორ ზრუნავს სახელმწიფო ბავშვებზე – ფორუმი პრეზიდენტის სასახლეში

დღეს, 18 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა “საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების” შესახებ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განხილვაა, რათა დროულად მოხდეს რეაგირებისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა და შესაბამისი უწყებებისთვის მათი შეთავაზება.

ფორუმი გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. პრეზიდენტმა მომავალ თაობებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით პრობლემები, რომლებიც აქტიურ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს, ჯერ კიდევ მრავლადაა. მარგველაშვილის შეფასებით, ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ  UNICEF-ის მონაცემებით, ყოველი მეექვსე ბავშვი  სიღარიბეში ცხოვრობს. პრობლემურ საკითხებს შორის პრეზიდენტმა ხაზი ბავშვთა შრომას, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხს და მიუსაფარი ბავშვების პრობლემებს გაუსვა.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფორუმზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები წარდგნენ.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, განვლილი წლები პოზიტიურად შეფასა. მისი თქმით, დღეს პროგრესი ნათელია. ჯაშის თქმით, მისასალმებელია, რომ უკანასკნელი მონაცემებით, შინამეურნეობის კვლევებში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 6%-დან 2,8 პროცენტამდეა შემცირებული საქართველოში, თუმცა, ვიდრე თითოეული ბავშვი რჩება სიღარიბეში, ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იქნება. ჯაშის თქმით, მრავალმხრივ ჩართულობას მოითხოვს ადრეული ქორწინების საკითხი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის ინკლუზიური განათლების გარანტიების შექმნა დაასახელა.

მარიამ ჯაში ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მარიამ ჯაში ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამ საკითხს შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც. მისი თქმით, თანაბარი შესაძლებლობის შექმნა სამინისტროს მთავარი გამოწვევაა. გიგაურმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებობს. მათ შორის, სკოლის მოსწავლეების წიგნებით უზრუნველყოფის პროგრამასა და იმ ბავშვებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლა მიატოვეს. მან საშუალო განათლების მიღების ხელახალი შესაძლებლობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს შრომის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით ათი წელია, რაც კეთილდღეობის რეფორმა ხორციელდება. პროგრამის ძირითადი მიზანი დიდი დაწესებულებებიდან ბავშვების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გამოყვანა იყო. ვალერი კვარაცხელიას თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. იგი ამბობს, რომ შარშან ასეთი დაწესებულებიდან 22 ბავშვი იყო გადმოყვანილი. თუმცა კვლავ რჩება პრობლემად ბავშვების ცხოვრება სიღარიბის ზღვარს მიღმა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვარაცხელიამ სოციალური მუშაკების მცირე რაოდენობა დაასახელა.

ანდრო დადიანი - "პარტნიორობა ბავშვებისათვის" ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ანდრო დადიანი – “პარტნიორობა ბავშვებისათვის” ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფორუმს აღნიშნულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისიფულების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მათი გამოსვლა უფრო კრიტიკული აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისთვის” ხელმძღვანელის, ანდრო დადიანის შეფასებით, სისტემა დეგრადირების გზას ადგას.  ის მიღწევები, რომლებიც იყო წლების მანძილზე, გაჩერდა, პროგრესი კი ძალიან მცირეა. 2014-2015 წლის ბავშვთა სამოქმედო გეგმა, დადიანის თქმით, არ შესრულდა. ბავშვთა პროგრამების ბიუჯეტი კი ბოლო 8 წლის განმავლობაში არ შეცვლილა:

“მე პირადად 15 წელია ვმუშაობ ამ სფეროში და არ ვიცი, სისტემა საით მიდის. არანაირი ხედვა  ჩამოყალიბებული სახით არ არსებობს. დღეს გამომსვლელები ახსენებდნენ გაეროს ბავშვთა ფონდს, აშშ-ის განვითრების პროგრამას – ეს არის ის უწყებები, რომლის ანაბარდ არის დარჩენილი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს განვითარება საქართველოში,” – თქვა ანდრო დადიანმა.

მისი თქმით, პრობლემურია სოციალური მუშაკების შრომითი მდგომარეობა, მათი სამუშაო დატვირთვა კი მუდმივად იზრდება.  დადიანის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ რეგიონებში ისედაც შეზღუდული რაოდენობის სერვისები სრულიად მიუწვდომელია. ახალი მომსახურების განვითარება კი მხოლოდ კერძო ინიციატივებით ხდება.

ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის". ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ანა აბაშიძე – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ფორუმზე გამოკვეთეს, ბავშვთა  საკანონმდებლო დონეზე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა იყო. ანა აბაშიძის თქმით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელობს, ქვეყანაში არ არსებობს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის განსაზღვრება საკანონმდებლო დონეზე. აბაშიძის თქმით, ქვეყანაში  არ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც დაეხმარება სახელმწიფოს განსაზღვროს, რა არის კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვისთვის საუკეთესო, რაც ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას, აბაშიძის შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

აბაშიძემ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა:

“თქვენ თუ შეგიძლიათ თქვენი სამართლებრივი სიბრაზე სასამართლოში გამოხატოთ, ბავშვებს ეს მარტივი მიზეზის გამო არ შეუძლიათ. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვს არ აქვს უფლება, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. ბავშვს არ აქვს უფლება, დაიქირავოს ადვოკატი,” – ამბობს ანა აბაშიძე.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებეისთვის”ხელმძღვანელის შეფასებით, კანონმდებლობა ცენტრისტულად ბავშვისკენ არ მიერმართება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბავშვს სასამართლოში ვერ იცავენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

მოსხენებების დასრულების შემდეგ, ფორუმი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა. სამუშაო ჯგუფებში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ერთობლივი მუშაობის შედეგად ბავშვთა კეთილდღეობის კუთხით ქვეყანაში არსებული გარემოს გაუმჯობესებისთვის ქმედითი ნაბიჯების განსაზღვრაზე იმუშავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი