ახალი ამბებისამართალი

რატომ უღებენ პოლიციელები ქუჩაში მოქალაქეებს ფოტოებს

18 იანვარი, 2017 • 6539
რატომ უღებენ პოლიციელები ქუჩაში მოქალაქეებს ფოტოებს

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდების დროს სამართალდამცველები, გარეგანი შემოწმების პარალელურად, მათ ფოტოებს უღებენ. იურისტები მიიჩნევენ, რომ ფოტოს გადაღება არაკანონიერია, თუ პირის იდენტიფიცირება ისედაც შესაძლებელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, ლევან ვეფხვაძე პოლიციის შესახებ კანონიდან გამომდინარე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია ან არ შეუძლია სამართალდამცველს პირის გაჩერება და ფოტოს გადაღება:

“პირველ რიგში, ყველა ამ ღონისძიებასა და პროცედურას, ეს იქნება პოლიციური კონტროლი, ფოტოგადაღება, პირის გაჩერება, შემოწმება თუ ვიზუალური დათვალიერება, სჭირდება გარკვეული დასაბუთება. უნდა არსებობდეს გარკვეული ფაქტი, რომელიც ამ პიროვნების მიერ შესაძლო დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენას მიუთითებს, ან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პიროვნება არის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ან დანაშაულის საგანი აქვს, ან ძებნილი და მიმალულია – ეს იქიდან რომ დავიწყოთ, თუ რა შემთხვევაში და რის საფუძველზე შეიძლება შეაჩერონ პირი. მეორე საკითხია უკვე, რა შემთხვევაში შეიძლება გადაუღო ფოტო.”

როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, პოლიციის შესახებ კანონით არის გაწერილი, რომ თუ სამართალდამცველები ვერ ახდენენ პიროვნების იდენტიფიცირებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გადაუღონ მას ფოტო.

“არ შეიძლება, რომ ნებისმიერი პირი გააჩერონ და გადაუღონ ფოტო. რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა. პოლიციელს ფოტოს გადაღება შეუძლია მხოლოდ პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. პირდაპირ წერია კანონში, რომ სხვაგვარად არ შეიძლება პირის იდენტიფიცირება. ფოტო უნდა გადაიღონ მაშინ, თუ პირს არ აქვს პირადობის მოწმობა, არ ამბობს სახელსა და გვარს და სხვაგვარად შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება. ფოტოს გადაღება შეიძლება ასევე იმისთვის, თუ ძებნილია პიროვნება და საჭიროა შედარება,” – ამბობს იურისტი.

ლევან ვეფხვაძის თქმით, არის კიდევ ასეთი წესი: “თუ სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შედის პირი, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ყველა ადგილი. ეს არის კონკრეტული ადგილი, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დაწესებული, ან რაღაც დიდი დანაშაული შესაძლოა მოხდეს ამ კონკრეტულ ადგილზე, ან დიდი უსაფრთხოების ზომები არის მიღებული. ქუჩაში მივდივარ, გამაჩერონ და გადამიღონ ფოტო, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ის, რომ მინისტრის ბრძანებაა, შსს–ს თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს, მაგრამ მაშინ უნდა გაირკვეს ბრძანების კანონიერება – ამისთვის საჭიროა, რომ მინიმუმ ბრძანება ვნახოთ. თუმცა ამას არ მოგაწვდიან იმიტომ, რომ არის საიდუმლო და დეტალურად არ იქნება გაწერილი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.”

ე.წ. რეიდების დროს პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩაბერაძე ქუთაისში გააჩერა და დაიწყო ფოტოების გადაღება. როგორც ვაჩაბერიძე წერს, პოლიციელმა მას უთხრა, რომ ქუჩაში გამვლელებზე ინფორმაციას აგროვებდა.

საიას იურისტის განცხადებით, თუ მოქალაქე გააჩერეს და დაირღვა მისი უფლებები ამ მიმართულებით, მან უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას, ხოლო თუ გენისპექციამ არ გაითვალისწინა მოქალაქის მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა ან მინიმუმ დასაბუთებული პასუხი არ გასცა, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს სასამართლოში.

“სასამართლოს უკვე ვეღარ დაუმალავენ ამ ბრძანების შინაარსს, თუ სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავს, რაშიც ეჭვი მეპარება. მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა სახელმწიფო საიდუმლებას, ყველა მოსამართლეს აქვს დაშვება ამაზე და მოსამართლემ მინიმუმ უნდა ნახოს, რა ბრძანების საფუძველზე ხდება მოქალაქის პირადი სივრცის შევიწროება, თუნდაც ფოტოს გადაღება. ამ მიმართულებით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იშვიათად მიჰყვებიან მოქალაქეები საქმეს ბოლომდე. მაქსიმუმ ასაჩივრებენ გენერალურ ინსპექციაში და თუ გენისპექციამ არ მოახდინა რეაგირება, მერე უკვე სასამართლოში აღარ მიაქვთ საქმე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.”

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ყველა მოქალაქე მიმართავს სასამართლოს. როგორც იურისტი განმარტავს, ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იქნება, განმარტება დაადგინოს:

“მოსამართლე რომ განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება ფოტოს გადაღება, ის უკვე სავალდებულო იქნება, ყველა მოქალაქემ შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაქვს და სავალდებულოა მისი დაცვა, მოსამართლის განმარტება მაინც უფრო აპრიორი და მნიშვნელოვანი იქნება.”

სოციალურ ქსელში ირაკლი კორძაია წერს, რომ საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებს ჰკითხა, თუ რატომ უღებდნენ მოქალაქეს ფოტოებს, თუმცა პოლიციელებს პასუხი არ ჰქონდათ და თავიანთი ქმედებები დანაშაულის პრევენციით ახსნეს. როგორც კორძაია წერს, პოლიციელებს საუბარში წამოსცდათ, რომ მიღებული აქვთ სიტყვიერი დირექტივა და თავადაც არ მოსწონთ ამის გაკეთება.

ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით და ვთხოვეთ განმარტება, თუ რატომ უღებენ სამართალდამცველები მოქალაქეებს ფოტოებს, თუ მათი იდენტიფიცირება ისედაც შესაძლებელია. ასევე ვიკითხეთ, თუ რისთვის არის საჭირო ეს. შსს–დან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი. მათი ინფორმაციით, ე.წ. რეიდების ფარგლებში ორ დღეში 64 პირი დააკავეს.

ღონისძიებას, რომელსაც შსს გარკვეულ პერიოდებში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს, ოფიციალურად საპოლიციო კონტროლი ეწოდება, ხოლო მოქალაქეები ე.წ. რეიდების სახელით იცნობენ. შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, გამოსცეს წერილობითი განკარგულება სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების თაობაზე. საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

რა უნდა იცოდეთ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეიდის დროს პოლიცია გაგაჩერებთ, იხილეთ ამ ბმულზე.

საპოლიციო კონტროლი შეეხო "ტაბულას" პროდიუსერ ლექსო მაჭავარიანსაც. მან ეს პროცესი Facebook-ის მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში შესთავაზა, სადაც ჩანს, რომ ერთ–ერთი პოლიციელი მისი პირადობის მოწმობით ხელში ელაპარაკება გაურკვეველ პირს, ხოლო მეორე დეტექტივი ლექსოს უღებს სმატრფონით.

საპოლიციო კონტროლი შეეხო “ტაბულას” პროდიუსერ ლექსო მაჭავარიანსაც. მან ეს პროცესი Facebook-ის მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში შესთავაზა, სადაც ჩანს, რომ ერთ–ერთი პოლიციელი მისი პირადობის მოწმობით ხელში ელაპარაკება გაურკვეველ პირს, ხოლო მეორე დეტექტივი ლექსოს უღებს სმატრფონით.

მასალების გადაბეჭდვის წესი