ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დაახლოებით 10 კლინიკა გამოირიცხება

18 იანვარი, 2017 • 3194
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დაახლოებით 10 კლინიკა გამოირიცხება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან პირველ ეტაპზე მაქსიმუმ 10 “მცირე კალიბრის” კლინიკა გამოირიცხება.

ეს განცხადება მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“გაფრთხილება აღარ იქნება. ვადა უკვე მივეცით. ისინი, უბრალოდ, აღარ მიიღებენ მონაწილეობას, თუ არ დააკამყოფილეს ეს პირობები. გარდამავალი პერიოდი იქნება მაქსიმუმ ორი თვე,”- განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, ამ კლინიკების მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ თავად გამოთქვამენ ამის სურვილს.

შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ჯამდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ მოთხოვნები მომავალში უფრო გამკაცრდება.

“პირველ ეტაპზე ხდება ყველაზე უფრო ოდიოზური შემთხვევების და ხარვეზების გამოსწორება, მეორე ნაბიჯი იქნება უკვე ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების უფრო მზარდი მოთხოვნა სამედიცინო მომწოდებლების მიმართ, რომლებიც ასევე გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ცვლილება შევა ნორმატიულ აქტში და გაიწერება მოთხოვნები იმ დაწესებულებების მიმართ, რომელთაც უფლება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მისივე თქმით, ეს მთხოვნები მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება.

აკაკი ზოიძის თქმითვე, “საამქროები” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ:

“საამქროები გახლავთ, მაგალითად, რეანიმაციები, სადაც პაციენტს იღებენ რეანიმაციაში და წერენ პირდაპირ რეანიმაციიდან. ასეთ პრეცედენტს მედიცინის ისტორია არ იცნობს, მაგრამ ასეთი ფენომენი ჩამოყალიბდა საქართველოში. ეჭვი არის იმაზე, რომ ან პაციენტი არ საჭიროებს ინტენსიური თერაპიის დახმარებას, ან პაციენტის საზიანოდ ხდება ისე გამოწერა რეანიმაციიდან, რომ მას ბოლომდე მკურნალობა არ აქვს დამთავრებული. ასეთი ფრაგმენტული სერვისის მომწოდებელ კლინიკებს ვუწოდე საამქროები. როგორც კი ასეთი საამქროები გამოირიცხებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, მათ შეუძლიათ გააგრძელონ ფუნქციონირება, თუ ისინი სანებართვო პირობებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მათზე არ დაიხარჯება ფული, რომელიც მოქალაქეებზე უნდა იხარჯებოდეს. ამ ეტაპისთვის ასეთი შეიძლება იყოს 10-12 კლინიკა. თუ მათ გამოასწორეს და ის მოთხოვნები დააკმაყოფილეს, რომლებიც არის სამინისტროს მხრიდან დაყენებული, მაშინ შეიძლება გამოთიშული კლინიკების რიცხვი ნაკლები იყოს,”-განაცხდა აკაკი ზოიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი