ახალი ამბები

რესპუბლიკელები: ბაღების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასი 4-ჯერ მეტია აღმზრდელების ხელფასზე

18 იანვარი, 2017 • 5740
რესპუბლიკელები: ბაღების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასი 4-ჯერ მეტია აღმზრდელების ხელფასზე

რესპუბლიკელები მოუწოდებენ თბილისის მერიას, “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა” შეეხოს ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორატს და სახელფასო ფონდი მხოლოდ სააგენტოს რიგით თანამშრომლებს არ შეუმცირდეს.

დღეს, 18 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

რესპუბლიკელების ინფორმაციით, ბაგა-ბაღების თანამშრომლების 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო საშუალოდ 4-ჯერ აღემატება ბაგა-ბაღების აღმზრდელების ხელფასს, რომელიც საშუალოდ 400-500 ლარამდე მერყეობს.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში 2016 წელთან შედარებით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საპრემიო ფონდი 113 400 ლარით შემცირდა და 77 400 ლარი გახდა, თუმცა ეს ცვლილება არ შეხებია სააგენტოს დირექტორსა და მის სამ მოადგილეს.

“ხარჯების ოპტიმიზაცია არ ასახულა დირექტორის და მისი მოადგილეების ხელფასებზე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელფასო პოლიტიკამ აჩვენა, თუ რას ნიშნავს თბილისის მერ დავით ნარმანიასთვის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. იგი მოუწოდებს მერიას, რომ ასეთი სახელფასო პოლიტიკა შეცვალოს.

სამნიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ პრობლემად რჩება რესპუბლიკელებთან ბაღების თანამშრომლების მიერ დასმული საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო უხეშად, “პოლიციურ რეჟიმში” ამოწმებს ბაგა-ბაღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი