ახალი ამბები

“მოსაგები ღორი მგელმა ეზოში შემიჭამა” – მოქალაქე მტაცებლებზე ნადირობის გამარტივებას ითხოვს

18 იანვარი, 2017 • 3774
“მოსაგები ღორი მგელმა ეზოში შემიჭამა” – მოქალაქე მტაცებლებზე ნადირობის გამარტივებას ითხოვს

დღეს, 18 იანვარს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მოქალაქე გიორგი ლაბაძის საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის პროცედურის გამარტივებას ითხოვს.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ნადირობის წესების დარღვევად არ ითვლება ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას.

“აღინიშნება მოქალაქეებზე თავდასხმა და სოფლის მეურნეობის ნორმალურ წარმართვაში ხელის შეშლა. საუბარია მტაცებლებზე, ტურაზე, მელასა და მგელზე, რომლებიც უმოწყალოდ ერჩიან მოსახლეობას და დიდი გარჯის შედეგად შექმნილ სოფლის მეურნეობას,”  –  წერს გიორგი ლაბაძე პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

მისივე თქმით, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე ათასი მგელი ბინადროს:

“ოფიციალური სტატისტიკით, პორტუგალიაში, რომლის ფართობი 92, 212 კვადრატული მეტრია, 200-300 მგელი ბინადრობს. გერმანიაში- 100-150 მგელი, საფრანგეთში დაახლოებით 200 მგელია, ხოლო  შვეიცარიაში მხოლოდ ერთ ხროვას შეხვდებით. აქედან გამოდმინარე, საქართველოსთვის ათასი მგელიც კი ბევრია, ეს ნიშნავს, რომ საქმე პრობლემასთან გვაქვს. ამ გარემობებებიდან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნიე საკანოანმდებლო წინადადებით მომართვა,” – აღნიშნულია წერილში.

წერილში გიორგი ლაბაძეს მოჰყავს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მონადირეთა კავშირს გაუგზავნეს:

“მოსაგები ღორი მგელმა ეზოში შემიჭამა. ცხვრები კი ცოტა ქვევით მყავდა, შემოღობილში და იქ დაგლიჯა. ტყავმაც კი არ ივარგა. დავრეკე პატრულში და ამოვალთო. ამოვიდნენ სამ დღეში, მაგრამ რა? მოკლავ და ჯარიმა 500 ლარიაო, ნაკრძალის წითელი მგელიაო და რა ვქნა, არ ვიცი,” – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში მცხოვრები შოთა თავაძე.

გიორგი ლაბაძის წერილში ასევე ნათქვამია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მგელზე, ტურაზე, მელაზე ნადირობა აკრძალულია. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ სამონადირეო მეურეობებისათვის:

“გარეული ცხოველებისაგან თავდასხმის შემთხვევაში მოქალაქეს მოკვლის უფლება აქვს. ამასთან, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს კონკრეტულის სახეობის მხრიდან მოხშირებული თავდასხმის ან საქონლის დაშავების ფაქტების შემთხვევაში სახეობის გარემოდან ამოღების თაობაზე,” – აცხადებენ დეპარტამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი